ახალი ამბები

ზვიად კვაჭანტირაძემ საგარეო უწყებას 16 000$-იანი დავალიანება გადაუხადა

6 თებერვალი, 2018 • 2420
ზვიად კვაჭანტირაძემ საგარეო უწყებას 16 000$-იანი დავალიანება გადაუხადა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს 2018 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ ფინანსურ დეკლარაციაში 16 000$-იანი გასავალი უფიქსირდება. დოკუმენტის მიხედვით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული დავალიანება 2008 წელს სტამბოლში მომხდარ ინციდენტს, როცა კვაჭანტირაძე გენერალურ კონსულად მუშაობდა. მაშინ საკონსულოს კუთვნილი მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიმტვრა, რის შემდეგაც სასამართლომ კვაჭანტირაძეს 16 000$-იანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. უმრავლესობის დეპუტატმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარი მის ბრალეულობას არ წარმოადგენდა.

“საუბარი იყო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხაზე იმის გამო, რომ სადაც ვმუშაობდი, დაიმტვრა იმ სისტემის კუთვნილი მანქანა და მე, როგორც ხელმძღვანელს, მატერიალური პასუხისმგებლობა. საჭესთან მძღოლი იჯდა, მე შვებულებაში ვიყავი. ეს დიდი ისტორიაა, არაფერ შუაში ვიყავი, თუმცა მაშინდელმა სასამართლომ ასე გადაწყვიტა. უსამართლობის პერიოდი იყო მაშინ”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, შემდგომი პროცედურების გამო, ჯარიმის გადახდის პროცესი გაიწელა და საბოლოოდ, დაკისრებული დავალიანება გასული წლის იანვარ-თებერვალში დაიფარა.

ზვიად კვაჭანტირაძის დავალიანებასთან დაკავშირებით 2016 წელს “ქართული გაზეთის” რედაქტორი გუგა სულხანიშვილი საუბრობდა. ის დეპუტატისგან განსხვავებით აღნიშნავდა, რომ ავარიის დროს მანქანას კვაჭანტირაძე მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი