ახალი ამბები

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

6 თებერვალი, 2018 • 1673
შსს: ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქურდული წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, “კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად დობო“.

“პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

“ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“: ეგრეთ წოდებულ „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ”, – ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

“როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა დასჯადი გახდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი