დავით ცინარიძის კარიერა შსს-ში ეკა ყუშიტაშვილის სკანდალის შემდეგ

2015 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ფაქტს წინ უსწრებდა სკანდალი, საუბარია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დავით ცინარიძის და გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა.

როგორც ირკვევა, ცინარიძემაც და ჭანტურიამაც შსს-ს სისტემაში მუშაობა გააგრძელეს სხვა პოზიციებზე, თუმცა მათმა ყოველწლიურმა ანაზღაურებამ ორჯერ დაიკლო.

ცინარიძის და ჭანტურიას პროფესიული კარიერა 2015 წლის შემდეგ

2015 წელს საპატრულო პოლიციის დირექტორი დავით ცინარიძე თანამდებობიდან მოხსნეს და შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საპატრულო პოლიციის უფროსად ყოფნის პერიოდში დავით ცინარიძის წლიური ანაზღაურება 77 083 ლარი იყო, ხოლო სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთი წლის განმავლობაში 32 400 ლარი მიიღო.

დავით ცინარიძე და გიორგი ჭანტურია – საპატრულო პოლიციის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წელს ასახავს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტიდან დავით ცინარიძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (დეპარტამენტი) გადაინაცვლა და დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, სადაც ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 68 667,25 ლარი მიიღო.

დავით ცინარიძისგან განსხვავებით, ზემოხსენებული სკანდალის შემდეგ, ერთი წლით თანამდებობა შეინარჩუნა მისმა მოადგილემ, გიორგი (გოგა) ჭანტურიამ. პარალელურად, ის დაინიშნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედაც. მიუხედავად ამისა, გიორგი ჭანტურიას შემოსავალმაც მნიშვნელოვნად დაიკლო – 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან ორივე თანამდებობაზე, ჯამში, 65 958 ლარი აიღო ხელფასის სახით.

2017 წლის 24 მარტს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციით, 2016 წლიდან გიორგი ჭანტურია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღარ არის. 2016 წელს ის მხოლოდ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, სადაც ხელფასის სახით ერთი წელში 60 696 ლარი აიღო.

ზემოხსენებულ სკანდალამდე, ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გიორგი ჭანტურია შსს-ში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მას დირექტორზე მაღალი ხელფასი ჰქონდა. როგორც საპატრულოს დირექტორის მოადგილეს, ერთი წლის განმავლობაში გიორგი ჭანტურიას ხელფასის სახით აღებული აქვს 91 927 ლარი. გარდა ამისა, როგორც საპატრულოს ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს – 25 688 ლარი. ასევე, როგორც საპატრულო პოლიციის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართვეოს უფროსის მოადგილეს – 19 390 ლარი. ჯამში, სკანდალამდე, ერთი წლის განმავლობაში, გიორგი ჭანტურია  ყოველწლიურად ხელფასის სახით 137 005 ლარს იღებდა.

სად არიან ცინარიძე და ჭანტურია?

2018 წლის 8 იანვარს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი დაინიშნა, რომელმაც მანამდე სწორედ დავით ცინარიძის ადგილი დაიკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ალექსანდრე ხვადაგიანმა მისვლიდან მალევე დირექტორის მოადგილის შტატი გააუქმა, რის შემდეგაც დავით ცინარიძეს სამსახურის დატოვება მოუწია.

2018 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ცინარიძე კვლავ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ არის მითითებული და არ წერია, რომ ეს მისი ყოფილი თანამდებობაა. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სააგენტოს ვებ-გვერდზეც კვლავ დირექტორის მოადგილედ არის აღნიშნული.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ  სად აგრძელებს ამჟამად ცინარიძე მუშაობას, უწყებიდან ვერ მივიღეთ.

2018 წელს გიორგი ჭანტურიას, როგორც თანამდებობის პირის დეკლარაცია არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, არც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ყოფილი მოადგილის შესახებ ვიცით, იკავებს თუ არა ამჟამად რომელიმე უწყებაში რაიმე თანამდებობას.

ეკა ყუშიტაშვილთან დაკავშირებული სკანდალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან დავით ცინარიძეს ეკა ყუშიტაშვილის შესახებ საჯაროდ არსად უსაუბრია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ცოლმა, მანანა ბოლოთაშვილმა “კვირასთან” საუბრისას ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეკულაციები უწოდა. დავით ცინარიძის ცოლი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მისი ქმარი ეკა ყუშიტაშვილს საერთოდაც არ იცნობდა.

თავიდან ეკა ყუშიტაშვილი უარყოფდა დავით ცინარიძესთან და გიორგი ჭანტურიასთან კავშირს. მძღოლი ამბობდა, რომ სატელეფონო საუბრის იმიტირებით პოლიციელებს “აგოიმებდა“, თუმცა შემდეგ “იმედის კვირაში” თავადვე აღიარა, რომ ჯერ საპატრულო პოლიციის დირექტორის, ხოლო შემდეგ მის მოადგილის დახმარებით ცდილობდა სამართალდამცველებთან პრობლემის მოგვარებას. მისი თქმით, ცინარიძეც და ჭანტურიაც რესტორანში გაიცნო და მათგან პატრულთან პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.

ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წლის 27 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი ჭანტურიას სახელის დახმარებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.