ახალი ამბები

Bloomberg: ივანიშვილი მის ძარცვაში ბრალდებულ ბანკირს პრემიას უხდიდა

5 თებერვალი, 2018 • 3233
Bloomberg: ივანიშვილი მის ძარცვაში ბრალდებულ ბანკირს პრემიას უხდიდა

“კრედიტ სუისის” ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის სასამართლო მოსმენა ჟენევაში დასრულდა. სამი მოსამართლე ლესკადრონს განაჩენს 9 თებერვალს გამოუტანს. “ბლუმბერგი”, რომელიც ყოფილი ბანკირის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, საქმის მოსმენას აჯამებს.

პატრიკ ლესკადრონი თავისი ყოფილი კლიენტების ფულს თაღლითურად მართავდა. მის კლიენეტებს შორისა არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ფინანსისტი ვიტალი მალკინი.

[yellow_box]რა გავიგეთ პატრიკ ლესკადრონის სასამართლო პროცესებიდან?[/yellow_box]

ლესკადრონი მოპარულ ფულს ძვირფასეულობაში აბანდებდა

“კრედიტ სუისის” ადვოკატების ცნობით,  არაავტორიზებული ვაჭრობის შედეგად, ლესკადრონს 47 მილიონი დოლარი აქვს მითვისებული მდიდარი კლიენტების ანგარიშებიდან. აქედან ერთი მილიონი დოლარი მან ძვირფასეულობაში დააბანდა, რომელსაც ცოლისთვის, ირინა ლესკადრონისთვის ყიდულობდა. ძვირადღირებულ ნივთებს შორის “შანელის” ძვირფასეულობაცაა.

ხუთწლიანი პატიმრობა

პროკურორმა ივ ბერტოსამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლესკადრონმა ვერ შეასრულა მისი მთავარი მოვალეობა, კეთილსინდისიერი ყოფილიყო კლიენტებთან მიმართებაში. პროკურორი სასამართლოსგან ლესკადრონის 5 წლის ვადით დაპატიმრებას ითხოვს, ასევე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას 4 წლის ვადით უნდა აეკრძალოს ისეთი საქმიანობა, რაც ფინანსურ ოპერაციებთან იქნება დაკავშირებული. მისივე თქმით, სასამართლომ ლესკადრონის სახლის კონფისკაციაც უნდა მოახდინოს. სახლი შვეიცარიაში მდებარეობს და მისი ღირებულება 2.5 მილიონი ფრანკია (2,67 მილიონი აშშ დოლარი). პროკურორი სარდინიის კურორტზე 2 აპარტამენტისა და 10 მილიონის აქტივების კონფისკაციას ითხოვს.

საიდუმლო ბონუსი:

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას 1.5 მილიონი გაანულეს, რადგან საეჭვო გადახდად მიიჩნიეს, რომელიც ლესკადრონმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. ეს თანხა კერძო ბანკის ანგარიშზე აღმოჩნდა და ამ თანხის შესახებ “კრედიტ სუისს” ინფორმაცია არ ჰქონდა. ვინაიდან კლიენტმა [ივანიშვილმა] მისი პირადად დასაჩუქრება გადაწყვიტა, მიღებული თანხა არ განიხილება კრიმინალად და ამ თანხის ლესკადრონს ვერ ჩამოართმევენ.

მოსამართლე ალექსანდრა ბანამ ასევე უნდა გადაწყვიტოს, რა ბედი ეწევა ლესკადრონის აქტივებს, რომელიც 100 მილიონი ღირს და რამდენიმე კლიენტის ანგარიშზეა გაბნეული, თანხის ნაწილი ივანიშვილსაც უნდა დაუბრუნდეს, ასევე, რუს ფინანსისტს ვიტალი მალკინს.

ბანკმა არ იცოდა ლესკადრონის არაავტორიზებული ვაჭრობის შესახებ

ბანკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ “კრედიტ სუისში” წარმოდგენა არ ჰქონდათ პატრიკ ლესკადრონის საქმიანობის შესახებ. არც გამოძიებას გამოუვლენია, რომ ლესკადრონი თანამშრომლების დახმარებით ატარებდა არაავტორიზებულ გადარიცხვებს და აყალბებდა ხელმოწერებსა თუ ექსელის ფაილებს. ბანკის კლიენტები ფარსს უწოდებენ “კრედიტ სუისის” კონტროლის და უსაფრთხოების მექანიზმებს.

ლესკადრონის დეპრესია

ლესკადრონის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს, რომელიც უკვე 2 წელია პატიმრობაშია, დეპრესია აქვს. მან მიმართა მოსამართლეებს, რომ საკმარისია ის პატიმრობა, რომელშიც ლესკადრონი უკვე ორი წელია იმყოფება და ის ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც 10 წელი დასჭირდება მას შემდეგ, რაც ის ციხეს დატოვებს.


ლესკადრონი მდიდარ კლიენტებს ექსელის ამონაწერების გაყალბებით ატყუებდა. მან აღიარა, რომ გარიგებების შესახებ ინფორმაციას აყალბებდა. მისივე თმით, გაყალბების შემდეგ ბანკის ყალბ ამონაწერებს მზარდი დანაკარგების შესანიღბად გზავნიდა. მეტწილად იგი ფულს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ანგარიშებიდან იღებდა. ეს სქემა არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ 2015 წლის სექტემბერში კალიფორნიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან მასშტაბური გარიგების შესახებ არ გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი