ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველომ ინდონეზიასთან შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადოს

5 თებერვალი, 2018 • 2056
საქართველომ ინდონეზიასთან შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადოს

2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება დაასახელა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ საუბარია ASEAN-ის ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

“სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ASEAN-ის ქვეყნები დაახლოებით 640-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ ამ რეგიონში, რათა რეგიონის პოტენციალი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ეს ქვეყნები საქართველოში  საწარმოების შექმნით დავაინტერესოთ. ასევე, დავაინტერესოთ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო იძლევა მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებოთ და მეზობელ ქვეყნებთან, დსთ-თან სავაჭრო ურთიერთობებით,”-აცხადებს მინისტრის მოადგილე ნეტგაზეთთან საუბარში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკური დიპლომატიის სამ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას ასახელებს: ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის წახალისება და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და რეგიონული ჰაბის წარმოჩენა.

“გამოყენებული იქნება აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა იმ პროდუქტების ექსპორტის კუთხით, რაც დღესდღეობით საქართველოს შეუძლია ამ რეგიონს შესთავაზოს. მათ შორის დაინტერესებაა ქართული ღვინის მიმართ,”-აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

გიორგი შარვაშიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ინდონეზიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების მიზანშეწონილობაზე  კვლევა მიმდინარეობს.

ინდონეზიას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის GDP სტაბილურად იზრდება. თუ 2000 წელს მისი მოცულობა 857 აშშ დოლარი იყო, 2016 წლისთვის GDP-ის მოცულობა 3 603 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის მიუხედავად, 252 მილიონი მოსახლიდან 28 მილიონს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უწევს ცხოვრება. 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინდონეზიაში 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

საქართველომ აზიაში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნასთან, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ჩინეთში იმპორტირებული ქართული პროდუქტის დაახლოებით 94% საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა. 2017 წელს დადებული ხელშეკრულება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარია 1,4 მილიარდი მომხმარებლით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) 10 სახელმწიფოს აერთიანებს. მათ შორის არის ინდონეზიაც. წევრი ქვეყნების მთავარი მიზანია ეკონომიკური ზრდა და სოციალური პროგრესია. 2017 წელს ამ ქვეყნების GDP 5%-ით გაიზარდა.

ASEAN-ის ქვეყნებიდან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს ინდონეზიაში, ჯაკარტაში, რომელიც ფარავს სინგაპურის და ფილიპინების რესპუბლიკას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კიდევ ერთი ქვეყანაა მალაიზია. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მალაიზიის ეკონომიკა 2000-2008 წლებში საშუალოდ 5.5%-ით იზრდებოდა. 2017 წლის მსოფლიო ბანკის ანგარიშში ქვეყანაში 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული. “2017 წელს მალაიზიის ეკონომიკა გარე შოკების მიმართ მდგრადი გახდა. ქვეყანამ 90-იანი წლის ბოლოს აზიური ფინანსური კრიზისიგან ბევრი რამ ისწავლა, რაც დაეხმარა ქვეყნის ეკონომიკას, დაუახლოვდეს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს,”-ნათქვამია მსოფლიო ბანკის კვლევაში. 

სინგაპური, რომელიც ASEAN-ის წევრი სახელმწიფოა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დერეგულირებული ეკონომიკა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს ფაქტორი ინვესტორებს იზიდავსდამოუკიდებლობის მიღებიდან ათი წლის შემდეგ სინგაპური დაბალშემოსავლიანი ქვეყნიდან მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაიქცა. ქვეყნის GDP ($ 53 000) ყველაზე სწრაფად იზრდება. ეკონომიკის წლიური საშუალო ზრდა 7.7%-ია. ქვეყანაში დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს, უმუშევრობის მაჩვენებელი 2.1%-ია. Forbes-ის რეიტინგში “საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის”  სინგაპური საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ASEAN-ის წევრი ქვეყანაა ტაილანდიც. აზიის ეკონომიკურმა კრიზისმა ტაილანდის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა მოახდინა. ამის შედეგად 2014-2016 წლებში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა. 2017 წელს 3.5%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.6%-ია. ტაილანდმა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების 20-წლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რაც რეფორმებს გულისხმობს, რომელიც ეკონომიკურ სტაბილურობას, თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, კონკურენციასა და ეფექტურ ბიუროკრატიას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი