ახალი ამბები

წულუკიანმა 2017 წელს 7826 ლარის ხეები შეიძინა

5 თებერვალი, 2018 • 2892
წულუკიანმა 2017 წელს 7826 ლარის ხეები შეიძინა

2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წლის განმავლობაში სამშენებლო სარემონტო სამუშაოებში 34 800 ლარი დახარჯა. მინისტრმა აუზის მოწყობაში 24 033 ლარი გადაიხადა, 7 826 ლარი კი ხეების შეძენაში დახარჯა. დეკლარაციის მიხედვით, გამწვანებაში წულუკიანმა დამატებით დახარჯა 7 800 ლარი, სარწყავი სისტემის მოსაწყობად კი 4 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, საზეიმო ცერემონიასა და სტუმრების მომსახურებაში მინისტრმა 31 205 ლარი დახარჯა.

წულუკიანმა მამის ძმისგან საჩუქრად 76 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მიიღო. წულუკიანს დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს, რომ ფლობს 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მესტიის სოფელ ზემო ლუჰაში.

დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ მსუბუქი ავტომობილის გაცვლით 2 500 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ კაკულიას საკუთრებაშია 2006 წლის AUDI Q7-სერიის ავტომობილი, რომელიც მან გაცვლის ფორმით მიიღო. თეა წულუკიანს კი მსუბუქი ავტომანქინის გაჩუქებით 2 000 ლარის ოდენობის გასავალი დაუფიქსირდა.

საქართველოსა და საზღვარგარეთის ბანკებში წულუკიანი  1 749 ლარსა (“საქართველოს ბანკი”) და 9 000 ევროს (“საქართველოს ბანკი” პრემიუმ ანაბარი) ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი