ახალი ამბებიკომენტარი

ჰაველის სტიპენდიანტები “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტს მიმართავენ

5 თებერვალი, 2018 • 2857
ჰაველის სტიპენდიანტები “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტს მიმართავენ

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მთავარ მენეჯმენტს და მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს ვაცლავ ჰაველის სტიპენდიანტები მიმართავენ. “ნტგაზეთი” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

“უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ რადიო თავისუფლების მთავარი მენეჯმენტის დამოკიდებულებით საკუთარი თანამშრომლების მიმართ. ვგულისხმობთ ქართული სამსახურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ვშიშობთ, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სცდება ამ ერთ შემთხვევას და კიდევ უფრო შემაშფოთებელ გარემოებებზე მიგვითითებს.

ამ წერილით არ ვცდილობთ დავიცვათ ერთი კონკრეტული ადამიანი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ჩვენგანს არ უმუშავია დავით კაკაბაძესთან ერთად. თუმცა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს, ყველამ კარგად იცის მისი შეუფასებელი გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომის შესახებ ღირებულებებზე დაფუძნებელი ჟურნალისტიკის შესანარჩუნებლად, ასევე მისი საოცარი გულისხმიერების შესახებ, რომელსაც იჩენდა ახალაგზრდა ჟურნალისტებთან მუშაობის პროცესში.

ეს წერილი არც იმისთვის დაგვიწერია, რომ რადიოს ერთი კონკრეტული სამსახური დავიცვათ. თუმცა, ვიდრე ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიით უშუალოდ რადიო თავისუფლების რედაქციებში მოვხვდებოდით, ჩვენთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უკომპრომისო მედიაა მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ გარემოში.

ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა დაღალატების განცდამ.

რადიო თავისუფლებაში გატარებული რამდენიმე თვე ჩვენთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა გვესწავალა, როგორც კოლეგებისგან, ისე ერთმანეთისგან. ბევრი ჩვენგანი დღესაც ებრძვის ცენზურას საკუთარ ქვეყანაში. რადიო თავისუფლება კი ერთგვარ თავშესაფრად იქცა, ადგილად, სადაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. ამ ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ იმეორებს რადიოს მართვის სტილი ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას.

გვჯერა, რომ სწორედ ახლაა დრო ხმამაღლა ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რომელშიც ე.წ. ყალბი ახალი ამბები, რეკლამები თუ “ჰედლაინები” სულ უფრო ფრაგმენტულად აირეკლავს გლობალურ გამოწვევებს. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში იზრდება სანდო და გამოცდილი ჟურნალისტების საჭიროება, თქვენ კი ამ უკანასკნელთ უბიძგებთ გადაეწყონ „ლაიკებისა“ და „გაზიარების“ რეჟიმზე, ან უფრო უარესი, თავიდან იშორებთ მათ ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

კარგად გვახსოვს ე.წ. „იმედის სერტიფიკატები“, რომლებიც  თქვენგან მივიღეთ სასტიპენდიო პროგრამის წარმატებით დასრულების ნიშნად და ძალიან გვინდა ეს წერილიც იმედიანად დავასრულოთ, თუმცა ეს ციტატა უფრო ზუსტად გამოხატავს ჩვენს სათქმელს:

„იმედი არ ნიშნავს გწამდეს, რომ რაღაც კარგისკენ შეიცვლება, არამედ ეს ნიშნავს ზუსტად იცოდე, რომ მოქმედებას აუცილებლად აქვს აზრი, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი მოჰყვება მას“.- ნათქვამია მიმართვის ტექსტში. 

პატივისცემით,

ვაცლავ ჰაველის სტიპენდიანტები:

ანა ლომთაძე

სალომე აფხაზიშვილი

ევგენი კუზმინი

ქნარ ხუდოიანი

არზუ გეიბულაევა

ჰანა ლიუბაკოვა


დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან.  მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი