ახალი ამბები

“ჩადება” არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფა – მეზვრიშვილი

5 თებერვალი, 2018 • 1429
“ჩადება” არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფა – მეზვრიშვილი

“ჩადება” არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფა” – ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი შსს-ს მიერ “არა ჩადებას” აქციაში ჩართვას  გამოეხმაურა.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, შსს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს უარს ე.წ. “ჩადების” პრაქტიკაზე, რაც გამოიხატება კამპანიაში ჩართვით “არა ჩადებას”.

“შინაგან საქმეთა სამინსიტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ – არა ჩადებას. ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩადებას, ეს ერთი, და მეორე: “ჩადება” არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო არ აპირებს და ამ კამპანიასთან  შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ” – განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შსს სწორედ ამ მიმართულებით აპირებს სამომავლო ნაბიჯების გადადგმას, რაც არაერთი დაანონსებული გეგმა-რეფორმიდან ჩანს.

გუშინ, 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე სტატუსი, ჰეშთეგით “არა ჩადებას” გაჩნდა. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ქმედებით უწყება შეუერთდა აქციას “არა ჩადებას”. კითხვას, აქციის სოლიდარობით აღიარებენ თუ არა, რომ ჩადებები ხდებოდა, შსს-ს პრესსამსახურში არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი