ახალი ამბებისამართალი

თვალებში ნაცრის შეყრა თუ პროგრესი – პარტიები სახელმწიფო ინსპექტორზე კანონპროექტს აფასებენ

6 თებერვალი, 2018 • 2552
თვალებში ნაცრის შეყრა თუ პროგრესი – პარტიები სახელმწიფო ინსპექტორზე კანონპროექტს აფასებენ

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ეთანხმებიან, ოპოზიციური პარტიები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, არ იწონებენ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მოდელს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, შეიქმნება სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახური, რომელიც  სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ახალი უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგსაც შეითავსებს. სახელმწიფო ინსპექტორს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ გამოძიება შეეძლება – იგი საპროკურორო ზედამხედველობას ვერ განახორციელებს.

გედევან ფოფხაძე – ქართული ოცნება

მმართველი პარტიის, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია და პრაქტიკამ უნდა აჩვენოს, დასჭირდება თუ არა მას რაიმე ფუნქციის დამატება.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“მიმაჩნია, რომ ჩვენ რაღაც ეტაპაზე უფრო წინ უნდა წავიდეთ, ვიდრე ეს ინიციატივაა, და უფრო სერიოზული ინსტიტუციაზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც უფრო მეტი უფლებამოსილებები ექნება, მაგრამ ამ ეტაპზე, პრინციპების დონეზე, ეს ინციატივა ჩემთვის მისაღებია…

ვნახოთ, პრაქტიკაში ეს რას მოგვცემს, თუ მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი დასჭირდება უფრო მეტი ეფექტურობისთვის, დროთა განმავლობაში მაგის მიღწევაც შეიძლება. ზოგადად, მე მგონია, ეს არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სჯობს, ნაბიჯ-ნაბიჯ იყოს გავლილი, ვიდრე ჩვენ მივიღოთ კიდევ ერთი ავტონომიური სტრუქტურა, რომელიც მოწყვეტილია საერთო სისტემიდან და უბრალოდ რაღაც თავის დამოუკიდებელ ამოცანას ასრულებს,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

გიორგი ტუღუში – ევროპული საქართველო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რედაქციით კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და საპარლამენტო განხილვებზე არაერთი შენიშვნა ექნებათ.

გიორგი ტუღუშის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კვლავ პროკურატურა რჩება ძირითადი ფინქციების მატარებლად:

“დღეს გამომძიებელს უფლებების ძალიან შეკვეცილი სპექტრი აქვს, პროკურატურის გარეშე, რეალურად, გამოძიების წარმოება შეუძლებელია, დაწყებული დევნით, დამთავრებული საგამოძიებო პროცესით და სასამართლოში საქმის წარმართვით. გამოდის, რომ რეალურად, მაკონტროლებელ ორგანოს გარდავქმნით საგამოძიებო ორგანოდ, და გარდა ამისა, ის რჩება როგორც ხელ-ფეხმოჭრილი მექანიზმი იმიტომ, რომ ძირითადი ბერკეტები პროკურატურის ხელშია.

როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მსგავსი მექანიზმი გვჭირდება, ამის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ პროკურატურა წესიერად არ მუშაობდა და ამ საქმეებს არ იძიებდა. თორემ, ეს ყველა საქმე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, იყო და არის პროკურატურის ქვემდებარე… გამოდის, რომ ჩვენ მივიღებთ, ალბათ, შედარებით გაუმჯობესებულ ელემენტს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეყოლება გამომძიებლები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ყველანაირად პროკურატურის ხელში იქნება,”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ნაციონალური მოძრაობა – ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც იუსტიციის სამინისტრომ წარმოდგინა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

“არ არის პოლიტიკური ნება, რომ ეს საგამოძიებო ორგანო, ანუ ის ორგანო, რომელიც გადაცდომებს გამოიძიებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასეთი ნება არ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან,”- განაცხადა მან.

ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ ინსპექტორად ის ადამიანი დანიშნოს, ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაექვემდებარება.

“ეს უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი სტრუქტურა, ხელმძღვანელი დანიშნული უნდა იყოს ძალიან სერიოზული კონკურსის პირობებში და ამ კონკურსის კომისიაში უნდა შედიოდნენ არასამთავრობოები, სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არ ექვემდებარებიან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და არ იქნებიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ.

ალბათ გახსოვთ, სუს-იც ასე შეიქმნა, რომ ვითომ დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო და შემდეგ დაინიშნა გომელაური. თუ შეიქმნება მსგავსი ორგანო და დაინიშნება ქალდანისნაირი ხელისუფლებაზე დამოკიდებული ადამიანი, არავითარი მნშვნელობა არ ექნება ასეთი საგამოძიებო ფუნქციის მატარებელი ორგანოს შექმნას იმიტომ, რომ ეს იქნება დამატებითი ბიუროკრატიული და სახელფასო რგოლი, რომელიც ტვირთად დააწვება ბიუჯეტს,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გულისხმობდა არა იმას, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის შემოთავაზებული, არამედ სრულ სისტემურ რეფორმას. კერძოდ, ძალოვანი უწყებების გენინსპექციები უნდა გაუქმებულიყო და შიდა მოკვლევა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციაში უნდა გადასულიყო.

“თუ სამართალდამცავმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომელიც დანაშაულის ხარისხს ვერ აღწევს, მაგრამ ეს არის სამსახურებრივი გადაცდომა, რაც ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას თვით სამსახურიდან დათხოვნამდეც კი, დღეს ეს გენინსპექციის განსახილველი საკითხია. ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ გენინსპექციის უფროსი, რომელიც დამოკიდებულია მინისტრზე, ვერასდროს იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას და ამ ცვლილებით პრობლემა არ გვარდება. ანუ სახელმწიფო ინსპექტორს გადაეცემა მხოლოდ სისხლისსამართლებრივად განსახილველი საკითხები და გენინსპექციას ისევ რჩება ის, რაც რჩებოდა…

ძალიან ბევრი საქმე შეიძლება საერთიდ არ მივიდეს სახელმწიფო ინსპექტორთან და გენინსპექციაში დასრულდეს.. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ დანაშაულების დაფარვა მოხდეს და უფრო მსუბუქად გადაკვალიფიცირდეს,”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტით ბევრი რამ რჩება გაუწერელი, კერძოდ, ბუნდოვანია, როგორ გადაინაწილებს ეს უწყება საქმეებს,  რა ხარისხის პასუხისმგებლობა აქვს ინსპექტორს, რა მიმართებაშია გამომძიებელი ინსპექტორთან და ა.შ.

კორძაია ასევე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ არის ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა:

“ერთი შეხედვთ, არ შეიძლება ყველაფერი უარყოფითად შეფასდეს და ვთქვათ, რომ თუნდაც სამოხელეო დანაშაულის ნაწილში საგამოძიებო ნაწილი რომ გავიდა ფორმალური თვალსაზრისით დამოუკიდებელ სუბიექტთან, ეს არ არის უარყოფითი მოვლენა, მაგრამ, ეს არ არის იმ პრობლემების მოგვარება, რასაც სამოქლაქეო საზოგადეოება და საერთაშორისო ორგანიზაციები აყენებდნენ. ეს უფრო ჰგავს, ტრადიცულად, ყველა ხელისუფლების პირობებში გადადგმულ ნახევარ ნაბიჯს, რომ თქვან, რომ ჩვენ გავაკეთეთ რაღაც,”- ამბობს თამარ კორძაია.

რაც შეეხება საკითხს, იქმნება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატთან გაერთიანებით,  კორძაია ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი კიდევ უფრო მძაფრდება:

“ინტერესთა კოფლიქტი აქ ყოველთვის იყო, იმოტომ, რომ როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს კონტროლის უფლება და, ამავდროულად, არის პროცესის მონაწილე, ერთ-ერთი ჩამრთველი ეს იყო და ახლაც რჩება, ეს აბსოლუტურად იგივეა. უფრო რთულდება კიდევაც, თუ მან უნდა ჩაიდინოს პოლიციელის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელმაც ფარული მიყურადება განახორციელა, როგორ გამოიძიებს, როდესაც თვითონვე ჩაურთო მიყურადება? ანუ ცალსახა ინტერსთა კონფლიქტია,”- განაცხადა თამარ კორძაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

თავისუფალი დემოკრატები – ლევან სამუშია 

“ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა” –  ამბობს ლევან სამუშია და დასძენს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი საგამოძიებო ორგანო, რომელის არც ქმედითი იქნება და არც – დამოუკიდებელი.

“როგორც სხვა საგამოძიებო დანაყოფები, ისე იქნება დამოკიდებული პროკურატურაზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურ პროკურატურაზე. მის საპროცესო ხელმძღვანელობას განახორციელებს პროკურატურა, ანუ დამოუკიდებლად არც დევნის დაწყების შესაძლებლობა ექნება… ერთ-ერთი რიგით საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ასაღებენ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმად,”- განაცხადა ლევან სამუშიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ლევან სამუშიაც საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან:

“როგორ წამოგიდგენიათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თვითონ უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს პერსონალური მონაცმეების დაცვასთან დაკავშირებით და მეორე შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოც იქნება, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს სასამართლოს მიერ თვალთვალი, მოსმენა, მიყურადება და ა.შ.”- განაცხადა სამუშიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი