რატიანის საქმეზე საზმაუს თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ზვიად რატიანის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს ზვიად რატიანის ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა განუცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, თუმცა დააკმაყოფილა ზვიად რატიანის მხარის ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლასა და სამომავლოდ არგამოყენებას. მარიამ გოგოსაშვილის თქმით, გადაწყვეტილება არალოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული საკითხები  ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში.

სქრინი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოდან ზვიად რატიანის საქმეზე, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება 2 თებერვალს გამოიტანა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შსს-ს ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომია. საბჭოს წევრის, თიკო ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოებირივ მაუწყებელი ვალდებული იქნება, გასაჩივრებისთვის განკუთვნილი შვიდდღიანი ვადის გასვლის შემდეგ წაშალოს ვიდეო, რასაც ზვიად რატიანის ადვოკატი არ ეთანხმება.

მარიამ გოგოსაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე უნდა აღესრულებინა საკუთარი თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლის შესახებ, რადგან ზვიად რატიანის მხარეს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს:

“ჩვენ გავასაჩივრებთ მხოლოდ მოთხოვნის პირველ ნაწილს, რაც არ დაგვიკმაყოფილდა. ვიდეოს აღებისა და შემდგომში აღარ გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაგვიკმაყოფილდა. შესაბამისად, რაც პირველმა ინსტანციამ უკვე დაგვიკმაყოფილა, იმას ხომ აღარ გავასაჩივრებთ შემდგომში? ლოგიკას მოკლებული იქნება ეს. მიგვაჩნია, რომ უკვე უნდა იყოს აღსრულებული ვიდეოს აღებისა და შემდგომში აღარ გამოყენების შესახებ თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოში შეტანილ საჩივარში ზვიად რატიანის იურისტს 3 მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული: 1. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეღიარებინა შსს-ს ვიდეოს გავრცელებით ეთიკური ნორმების დარღვევა, კერძოდ – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, სიძულვილის გაღვივება და სიზუსტე, 2. საზოგადოებრივ მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან უნდა აეღოთ სადავო ჩანაწერი, 3. აღარ გამოეყენებინათ სამომავლოდ ეს ჩანაწერები.

პირველ მოთხოვნაზე, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის აღიარებას შეეხებოდა, თვითრეგულირების საბჭო განმარტავს, რომ რადგან სასამართლოზე უკვე გახმიანდა და კანონიერად ხდებოდა პროცესზე ამის გადაღება, ეს უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გაუშვებდა შსს-ს ჩანაწერს.

“თუმცა, რა შუაშია სასამართლოში გაშვება და კანონიერად გადაღება – ეს საკანონმდებლო ნორმები ეთიკის ნორმებთან ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს. რეალურად, არაფერ შუაშია იქიდან გამომდინარე, რომ ეთიკის ნორმები არის თვითშეზღუდვის საშუალება მაუწყებლისთვის, რომ მან თავად მაღალი სტანდარტებით დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, თუნდაც მან კანონიერად მოიპოვოს ეს ინფორმაცია,” – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

რაც შეეხება სიძულვილის გაღვივების აღიარებას, თვითრეგულირების საბჭო თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებაში ამბობს, რომ ასეთ შემთხვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ზვიად რატიანის ადვოკატის თქმით, ნამდვილად ვერ დაეთანხმებიან ამ დასაბუთებას იმიტომ, რომ მათ წარდგენილი ჰქონდათ ვიდეო, სადაც რეალურად ისმის აღნიშნულის შემცველი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, მათ წარდგენილი ჰქონდათ საბჭოში ის კომენტარები, რაც გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე შსს-ს ვიდეოს განთავსებამ.

პოეტი ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ. ფოტო: ნინო ბექიშვილი

ჯეროვანი სიზუსტის დარღვევასთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მხარეს ათდღიანი ვადა ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეთხოვა შეტანიდან ამის უარყოფა და შემდგომში სწორად მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.

“სიუჟეტს რომ შეხედოს ობიექტურმა პირმა, რეალობას ვერ დაინახავს. ბატონი ზვიადის ინტერესები არ არის დაცული. ამასთან დაკავშირებით ქცევის კოდექსი ადგენს, რომ 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს უარყოფა და შესწორებაზე მოთხოვნის წარდგენა. სამწუხაროდ, სანამ გადავწყვეტდით გასაჩივრებას, ეს ვადა უკვე გასული იყო. თუმცა ვთხოვეთ საბჭოს, რომ ამ საკითხზე მაინც ემსჯელა. ჩვენ აღარ ვითხოვდით ამის უარყოფას და შესწორებას – უბრალოდ, ვითხოვდით დაღვევის აღიარებას. საბჭომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე გვითხრა უარი თხოვნაზე და არ იმსჯელეს ამ საკითხზე,” – ამბობს ზვიად რატიანის ადვოკატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს მიერ 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ზვიად რატიანის მხარეს სააპელაციო სასამართლოში 7 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია, რის შემდეგაც 30 დღის ვადაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს საკითხი საჯარო სხდომაზე.

 


  • ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.
  • პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.
  • ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.
  • შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.
  • მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
  • 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირქტორმა ვასილ მაღლაფერიძევიდეოს გადაცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ზვიად რატიანის საქმეზე, ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.