ახალი ამბები

პანკისის ხეობის დაკარგვაზე გაკეთებულ განცხადებაზე მაჩალიკაშვილები განმარტებას აკეთებენ

4 თებერვალი, 2018 • 2539
პანკისის ხეობის დაკარგვაზე გაკეთებულ განცხადებაზე მაჩალიკაშვილები განმარტებას აკეთებენ

ტელეკომპანია იბერიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განმარტებას აკეთებს. 2 თებერვალს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სპეცოპერაციის მონაწილეები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს. მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემას გასმოდა ხაზი.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია იბერიის ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადახვა ადამიანების და ჯგუფების მიერ. თემირლანის საქმეზე მისი ოჯახი ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დადგენისთვის. სიმართლის დადგენა ჩვენთვის ნიშნავს სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებული სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების და სროლის განმახორციელებელი პირის სამართლებრივ დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ჩვენთვის სამართლებრივი შესაძლებლობის მოცემას,”-წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაჩალიკაშვილების ოჯახის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მძიმე შედეგები პანკისის ხეობაში და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსთხოვოს სუს-ის ხელმძღვანელობას.

თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში 26 დეკემბერს დაჭრეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი