შსს 111 ტონა შოკოლადსა და კარამელიან კამფეტს მილიონ ლარად ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადისა და კარამელიანი კამფეტის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვისთვისთვის მილიონ 94 245 ლარი გაითვალისწინეს, თუმცა ეს თანხა შპს „კვება 2015“-მა  ელექტრონულ ვაჭრობაზე 993 816 ლარამდე დაწია.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, შსს შოკოლადს და კარამელიან კამფეტს სამინისტროს დანაყოფების ტკბილეულით უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს.

შსს -ს ლოჯისტიკის დეპარტამენტი წელს 75 000  შოკოლადითა და 110 კილოგრამი კარამელიანი კამფეტით იქნება უზრუნველყოფილი, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპატრამენტი 6 600 კილოგრამ შოკოლადსა და 18 კილოგრამ კარამელიან კამფეტს, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიცია 30 000 კილოგრამ შოკოლადს მიიღებს.

საერთო ჯამში კი, შსს 111 ტონა შოკოლადს და კარამელიან კამფეტს ყიდულობს.

შოკოლადის ერთობლივად ყიდვის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს მიუღია და შესაბამისი ბრძანებაც გამოუცია [ 2017 წლის 12 დეკემბერი #586].

სამინისტროს მოთხოვნით შოკოლადი უნდა იყოს:

„ბატონის ტიპის, რძიანი შოკოლადის საფარი არანაკლებ 25%–სა, ნატეხი არაქისის, კარამელის ან/და ნუგის შიგთავსით, ცილა 4–9%, ნახშირწყლები 55–65%, ცხიმიანობა 25–40%, ენერგეტიკული ღირებულება 100გრ. პროდუქტზე არანაკლებ 450კკალ. კონსისტენცია მკვრივი. ფერი, სუნი და გემო მახასიათებელი შესაბამისი ნიმუშისთვის. შესაბამისი მარკირებით. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს პროდუქციის შემადგენლობა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 441 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის 70%. მოსაწოდებელი პროდუქტი მწარმოებელმა უნდა აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების (ISO-22000) დაცვით.“

სამინისტრო ითხოვს, შოკოლადის თითოეულ პარტიას თან ახლდეს წარმოშობის ან ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქტის ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები.

შპს „კვება 2015“ 2015 წელს დაფუძნებული კომანიაა და მისი მფლობელი ალექსანდრე ბარბაქაძეა.

„კვება 2015“ – ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული არ არის, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება, რა დროსაც შემსყიდველმა  ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ ატვირთული დოკუმენტები უნდა გადაამოწმოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადი გასულ წელსაც იყიდა, თუმცა მიმწოდებელმა სამინისტროს ობიანი შოკოლადი მიაწოდა, რის გამოც შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი