მეზვრიშვილი: კანონიერ ქურდს საზღვარზე იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ გვექნება მტკიცებულებები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როგორც კი ე.წ. კანონიერი ქურდები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოები მათ დაუყოვნებლივ დააკავებენ.

“ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. უფრო მეტიც, მთელი რიგი მიმართულებებით ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული. მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით. ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად,” – ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული:

“მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. ”

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება, ვიდრე დღეს მოქმედი კანონია.“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში დღეს განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს საზღვრის გადმოკვეთისას იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მტკიცებულებები ექნებათ სამართალდამცველებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.