ახალი ამბები

იაშვილის კლინიკაში დღეს მფლობელი არ გამოჩენილა

3 სექტემბერი, 2013 • • 2784
იაშვილის კლინიკაში დღეს მფლობელი არ გამოჩენილა

იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჩეჩელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ღამემ კლინიკაში მშვიდად ჩაირა და ტეკინ ატიკი მედპერსონალთან 2 სექტემბერს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში აღარ მისულა:  

 

“ექიმები თურქ ინვესტორს არ უშვებენ კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვეულებრივ მუშაობს კლინიკა. ჯერჯერობით სიწყნარეა. ინვესტორი არ ჩანს. დაცვა იყო მობილიზებული. ექიმებს ეშინიათ მორიგეობის. ჯერჯერობით  ტეკინ ატიკის მხრიდან არ არის პასუხი. თანხა, როგორც თვითონ  განაცხადა, არ აქვს გადახდილი. ექიმების ერთ–ერთი მოთხოვნა ის არის, რომ კლინიკა სახელმწიფოს დაუბრუნდეს. ველოდებით, როგორ განვითარედება მოვლენები და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.”

 

ექიმების განცხადებით, კლინიკის მფლობელების წარმომადგენელი, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მათივე თქმით, ის კლინიკაში კედლებიდან ხატების ჩამოხსნასაც ითხოვს.

 

იაშვილის კლინიკაში განვითარებულ მოვლენებს დღეს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი მაგდა ანიკაშვილი გამოეხმაურა. “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იაშვილის კლინიკის თურქული კომპანიისთვის მიყიდვის კანონირება უნდა შეისწავლოს, თუმცა მანამდე უნდა გაარკვიოს, როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა იაშვილის კლინიკა “ნიუ ლაიფის” ხელში:

 

“ახალი ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, როგორ არმოჩნდა პედიატრიული სექტორი ერთი ჯგუფის ხელში და შემდეგ როგორ მოხდა მისი თურქულ კომპანიაზე გასხვისება. ასევე უნდა გაირკვეს, რა ვალებულებები ჰქონდა პირველ მფლობელს და რამდენად შეასრულა ეს ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. თუ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, მაშინ ქონების თურქული კომპანიისთვის მიყიდვა უნდა ჩაითვალოს უკანონოდ.”

 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2011 წლის მაისში გაიყიდა, რომელსაც ბოლო დრომდე ფლობდა შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ი (ყოფილი შპს “ნიუ ლაიფი”), სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებამდე წილებს ფლობდნენ ზაზა კაპანაძე (75%) და გია ნაცვლიშვილი (25%). კაპანაძესა და ნაცვლიშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების  და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. გამოძიება მათ 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებას ედავება.

 

ბრალდების მიხედვით,  გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს “არტესისგან” დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ში:

 

“აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება,”- აცხადებენ სამართალდაცავები.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი.  ხელშეკრულების მიხედვით, შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის (რომელიც ფლობს: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის 100%-ს, პედიატრიის ინსტიტუტის, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის 80%-ს, ბავშვთა ახალი კლინიკის 75%-ს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 66.7%-ს) 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.

 

აზმი ოფლუღლუ, იმავდროულად, არის “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” დამფუძნებელი, რომელიც თურქეთში ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიაა და თურქეთის 7 სხვადასხვა ქალაქში 11 ჰოსპიტალს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი