ახალი ამბებისამართალი

თვითრეგულირების საბჭომ რატიანზე საზმაუს დარღვევა არ დაუდგინა, თუმცა ვიდეოს წაშლა დაავალა

3 თებერვალი, 2018 • 4062
თვითრეგულირების საბჭომ რატიანზე საზმაუს დარღვევა არ დაუდგინა, თუმცა ვიდეოს წაშლა დაავალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები. მიუხედავად ამისა, საბჭომ პირველ არხს დაავალა, რომ ყველა პლატფორმიდან წაშალოს ეს ვიდეო და სამომავლოდაც არსად გამოიყენოს.

“რეალურად, თვითრეგულირების საბჭომ დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი პლატფორმებიდან აეღო ეს ვიდეო და ასევე მომავალშიც აღარ გაევრცელებინა, რაც ძალიან ალოგიკურია – თუ არანაირი დარღვევის შემცველი არ არის აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, მაშინ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წაეშალათ ყველა პლატფორმიდან და აღარ გამოეყენებინათ შემდგომში,” – განუცხადა ნეტგაზეთს იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა, რომელიც ზვიად რატიანის ინტერესებს იცავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოში შეტანილ საჩივარში ზვიად რატიანის იურისტს 3 მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული: 1. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეღიარებინა შსს-ს ვიდეოს გავრცელებით ეთიკური ნორმების დარღვევა, კერძოდ – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, სიძულველის გაღვივება და სიზუსტე, 2. საზოგადოებრივ მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან უნდა აეღოთ სადავო ჩანაწერი, 3. აღარ გამოეყენებინათ სამომავლოდ ეს ჩანაწერები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება 2 თებერვალს გამოიტანა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შსს-ს ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომია.

[red_box]ზვიად რატიანის საქმე – ყველა სიახლე[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს წევრი, თიკო ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 7 დღის განმავლობაში. შესაბამისად, თუ  ამ პერიოდში თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აღასრულოს საკუთარი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება და წაშალოს შსს-ს ვიდეო ყველა პლატფორმიდან.


  • ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.
  • პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.
  • ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.
  • შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.
  • მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
  • 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირქტორმა ვასილ მაღლაფერიძევიდეოს გადაცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ზვიად რატიანის საქმეზე, ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად რატიანი გათავისუფლების შემდეგ. ფოტო: ნინო ბექიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი