“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის შემცირებას მოითხოვს

“ფასების ზრდა ისევ მაღალია და ისევ მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს. საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ასეთი მაღალი ზრდა შეაჩეროს,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, საწვავზე ისეა ფასები გაზრდილი, უამრავი ადამიანი სოფლად მიწის მოხვნასაც კი ვერ შეძლებს, საკუთარი თავის სარჩენი მოსავალი რომ მოიყვანოს, არათუ ბაზარზე გასატანი პროდუქტი. მისი თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ”, ერთი ხელით, მოგების გადასახადის რეფორმით, 300 მლნ დაუტოვა ბიზნესს, მეორე ხელით კი, აქციზის მომატებით, ხალხს 450 მლნ ამოუღო ჯიბიდან.

ევროპული საქართველოს შეფასებით, ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფშიც დიდია, რაც 6.6% შეადგენს. ჭიაბერაშვილის აზრით, ეს “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია, რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც:

“ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში – 6.4%.”

ინფლაცია. 03.02.2018. გრაფიკა: ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების ზრდა ასევე მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში: “მათ მეტი საფასურის გადახდა უწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და დენში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა ასევე დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის.”

ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, აქციზის შემცირება ის მინიმუმია, რაც მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.