“არ გადასცე” – ჩაბუქის მხარდამჭერ კამპანიას ევროპარლამენტარიც შეუერთდა [ვიდეო]

დემირელის სკოლის, იმავე ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერ კამპანიას ევროპარლამენტარი ანა მარია გომესიც შეუერთდა. მიმდინარე კვირას ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს, არ მოხდეს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება.

როგორც ანა მარია გომესი აცხადებს, წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში მოხდა:

“კარგად ვიცნობ მუხთარლის თემას და ეს ფაქტიურად კრიმინალია. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და მნიშვნელოვან გეოპილიტიკურ ზონაში მდებარეობს. საქართველო ამ წუთებშიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ თუკი ის დაუთმობს თურქეთს ერთ მოქალაქეს, თუკი გახდება საქართველო ბულინგის მსხვერპლი, რა გარანტიაა იმისა, რომ თურქეთიც ისევე არ გააგრძელებს იმას, რასაც სჩადის რუსეთი?”

ევროპარლამენტარის განცხადებით, წარმოუდგენელია გყავდეს პატიმრობაში ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის გიულენის მოძრაბას უჭერს მხარს, ან თურქი პედაგოგია.

“ადამიანები, რომლებსაც თურქეთის ციხეებში ჰყავთ, გიულენს არა თუ არ იცნობენ, ხშირად არც სმენიათ ხოლმე მის შესახებ. წარმოუდგენლად მიმაჩნია მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირება. თურქეთში ეს ადამიანი წამების მსხვერპლი გახდება. ეს ადამიანის განადგურებაა! საქართველომ კიდევ უნდა დაამტკიცოს სამართლიანი სასამართლოს უზენაესობა!” – აცხადებს ანა მარია გომესი.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, იგი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია აღარ განხორციელდება.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 26 იანვარს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.