მაკა რაზმაძის განცხადებით, ტელეკომპანია “იბერიამ” სამსახურიდან დაითხოვა

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე 2 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი ტელეკომპანია იბერიამ სამსახურიდან დაითხოვა და ამის შესახებ “ორსიტყვიანი სმს-ით” აცნობა.

“დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ, აქ აღარ მუშაობო… ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე…”- წერს მაკა რაზმაძე.

ტელეკომპანია იბერიას “ომეგა-ჯგუფი” ფლობს. ტელეკომპანია 2000 წელს დაარსდა, 2004 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა, 2015 წლის სექტემბრიდან კი  მუშაობა განაახლა. მაკა რაზმაძეს “იბერიაში” ტოქ-შოუ “პრიორიტეტი” მიჰყავდა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიხურა.

ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქრუაშვილი და მისი მეუღლე, ნატო ჩხეიძე არიან. ნატო ჩხეიძე პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრია. 2016 წლის არჩევნების შემდეგ “იბერიის” მფლობელ კომპანია შპს ბენმონტს მფლობელები შეეცვალა – ზაზა ოქრუაშვილი და ნატო ჩხეიძე აღარ ფიგურირებენ და  50-50% რატი და გიორგი ოქრუაშვილებს ეკუთვნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი