იმედი და რ2 სატელევიზიო რეკლამას ერთად აღარ გაყიდიან

შ.პ.ს ინტერ მედია, რომელიც “რუსთავი 2”-ის, “მარაოს”, “კომედი არხისა” და ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანებული კომპანიების- “იმედი”, GDS-ის და “მაესტროს” სარეკლამო დროს ყიდდა, “‘იმედმა” დატოვა. “ინტერ მედიის” ერთ-ერთმა მეწილემ, ზურაბ გუმბერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “იმედმა” გადაწყვიტა თავისით გაყიდოს საკუთარი სარეკლამო დრო. მისი თქმით, იმედთთან ერთად მაესტროსა და GDS-ის სარეკლამო დროსაც ტელეკომპანია “იმედი” გაყიდის.

“ჩვენი და იმედის ურთიერთობა შეწყდა. პირველი თებერვლიდან იმედი უკვე თვითონ გაყიდის თავის სარეკლამო დროს”, – აცხადებს ზურაბ გუმბარიძე.

საჯარო რეესტრში ახალი კომპანია “ინტერ მედია” რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ზურაბ იაშვილია. 45-45%-იან წილებს კომპანიაში ირაკლი ბურძგლა და ზურაბ გუმბარიძე ფლობენ. “ინტერ მედიაში” 10%-ს  ფლობს მიხეილ მშვილდაძე.

ძველი “ინტერ მედია”, რომელიც რამდენიმე ტელეკომპანიის სარეკლამო დროს ყიდდა, საჯარო რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. წინა კომპანიაში წილები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: 32.5 – 32.5%-ს  ირაკლი ბურძგლა და ზურაბ გუმბარიძე, 35%-ს კი მანანა დოიაშვილი ფლობდნენ. დირექტორი 2016 წელს დააფუძნებულ შ.პ.ს-ში ზურაბ იაშვილი იყო.

“ზოგადად, ჩვენ პრაქტიკა გვაქვს, როდესაც კონფიგურაცია იცვლება, ახალი კომპანიით ვიწყებთ ოპერირებას. წინა კომპანია მთლიანად მორგებული იყო ორივე ტელევიზიის სარეკლამო დროის ერთად გაყიდვის სისტემას. ახლა რაღაცები იცვლება და, შესაბამისად,  ახალი შ.პ.ს დაფუძნდა,” – ამბობს “ინტერ მედიის” ერთ-ერთი მფლობელი.

კითხვაზე, როგორ აისახება სარეკლამო ბაზარზე “იმედის” გადაწყვეტილება, ზურაბ გუმბარიძე პასუხობს, რომ ბოლო სამი წელია სარეკლამო ბაზარი მცირდება და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “იმედის” ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორ ტელეკომპანიას შორის მწვავე კონკურენცია იქნება.

“ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, თუმცა ეს მათი მისაღები გადაწყვეტილება იყო და ის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც საჭიროდ თვლიდნენ. რაც შეეხება ბაზარს, ბაზარი ისედაც ძალიან მძიმე დღეშია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეშია. ახლა უკვე იქნება მწვავე კონკურენცია ჩვენს შორის. მათ შორის საფასო პოლიტიკითაც, რაც არ არის ბაზრისთვის მაინცდამაინც სასარგებლო,”-ამბობს ნიკა გვარამია.

2016 წლის იანვრის შემდეგ საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის მზომავი (TAM) ორი კომპანია მოქმედებს: ABG Nielsen-ის ლიცენზიის მფლობელი TVMR.GE, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიას 2005 წლიდან ზომავს, და  მისი კონკურენტი Kantar Media-ს ლიცენზიანტი Tri Media Intelligence. აქედან რეიტინგების მზომავი ერთი კომპანიის [TVMR.GE] მომსახურებით რუსთავი 2 სარგებლობს, ხოლო “იმედი” – ტრი მედია ინტელიჯენსს ეყრდნობა.

”იმედის” გაყიდვებს ჩვენ “ტრი მედია ინტელიჯენსის” რეიტინგებით ვახორციელებდით. ახლა, ბუნებრივია, რუსთავი 2-ს TVMR-ის რეიტინგით გავყიდით,”-აცხადებს ზურაბ გუმბარიძე.

“ინტერ მედია” ტელეკომპანია კავკასიისა და ტვ პირველის სარეკლამო დროის ნაწილსაც ყიდდა. კითხვაზე, გაყიდის თუ არა ამ ორი ტელევიზიის სარეკლამო დროს “ინტერ მედია”, ზურაბ გუმბერიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე, სადაც ტელევიზიების შემოსავლებზე ინფორმციაა ხელმისაწვდომი, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის მონაცემებში რუსთავი 2”, “ტელეიმედი”, „ მაესტრო” და GDS-ის შემოსავლები არ გვხვდება. მარეგულირებელის ინფორმაციით, ამ მონაცემების დაზუსტება ხდება.

“ნეტგაზეთი” ტელეკომპანია “იმედის” დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ მიიღო “იმედმა”  რეკლამის ცალკე გაყიდვაზე გადაწყვეტილება, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 საერთო სარეკლამო სახლის მეშვეობით რეკლამას 2017 წლის იანვრიდან ყიდდნენ, მანამდე ამას ცალ-ცალკე აკეთებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.