ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ შავი პიარით დაიწყო – პრეზიდენტი

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ შავი პიარით დაიწყო, სხვა შინაარსს ჩვენ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ვერ ვხედავთ, – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყოველდღიურად ესმის მის წინააღმდეგ მიმართული აბსურდული ბრალდებები ნებისმიერი ტიპის ცოდვებში. მისი თქმით, ეს არის ნახევარდღიანი ბრალდებები, რადგან უმრავლესობის წევრების განცხადებები რამდენიმე საათში ბათილდება ხოლმე:

“მაგალითად, ერთ-ერთი ბრალდება იყო, რომ თურმე იმდენი პატიმარი გამოვუშვი, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და რეკორდსმენები ვართ. არასდროს მომსვლია თავში აზრად, რომ სტატისტიკურად აღმექვა და დამეთვალა შეწყალება. თუმცა გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები და ნამდივლად მეათედი მყავს შეწყალებული სხვა პრეზიდენტებთან შედარებით.”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდამის დემონტაჟს, არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

“ვერ ჩამოყალიბდნენ… ამავე ფონზე, რაღაც ნაწილში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ მათ უნდა აწარმოონ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველდღე ჩვენ გვესმის ასეთი წარუმატებელი ტალღები. ასეთი ტალღები იყო მანამდეც და, დარწმუნებული ვარ, აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება… ასეთი ტალღები, გამომდინარე იქიდან, რომ არც მესიჯი აქვთ და არც კანდიდატი ჰყავთ, არის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია წარმოებული შავი პიარის ფორმით,” – ამბბობს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან აგორებულ დაბნეულ შავ პიარს სერიოზულად არ აღიქვამს და არც ის ჰგონია, რომ მის წინააღმდეგ გახმიანებული აბსურდული ბრალდებები ვინმეზე მოქმედებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.