ახალი ამბები

მარინა მუსხელიშვილს არ ახსოვს, რაზე ესაუბრა ლელა გაფრინდაშვილს – აუდიტის ანგარიში

2 თებერვალი, 2018 • 3551
მარინა მუსხელიშვილს არ ახსოვს, რაზე ესაუბრა ლელა გაფრინდაშვილს – აუდიტის ანგარიში

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრის, მარინა მუსხელშვილის თქმით, არ ახსოვს, ესაუბრა თუ არა ლელა გაფრინდაშვილს მას შემდეგ, რაც თანხის არასწორად დარიცხვის შესახებ ცნობილი გახდა. მუსხელიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს საუბარი შედგა.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი [ლელა გაფრინდაშვილი]  5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა. თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას  შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

“როდესაც ლელას აპრილში გაუვიდა ვადა, ჩვენ, ზოგიერთმა დარჩენილებმა საბჭოს წევრებმა, გამოვთქვით ზოგადი სურვილი, გვეთანამშრომლა მომავალში ლელასთან საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის საკითხებზე. არავითარი კონკრეტული ფორმა ამ სურვილს არ მიუღია და არავითარ კვლევაზე ლაპარაკი არ იყო. როდესაც უკვე შემოდგომაზე მოგვივიდა ინფორმაცია ლელაზე გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, გაოგნებულებმა დავიბარეთ ბუღალტერიის თანამშრომლები ვითარების გასარკვევად. ამ ქალბატონებმა, თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა”,-წერს მუსხელიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გაფრინდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2013 წლის 27 დეკემბერს პარლამენტმა აირჩია. მისი განმარტებით, მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჰონორარს კვლევითი საქმიანობის გამო იღებდა. გაფრინდაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ელოდებოდა, როდის დაუკავშირდებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კვლევის წარსადგენად, თუმცა, უშედეგოდ. მოგვიანებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, რომ ბუღალტრული შეცდომის გამო აუდიტის სამსახურს მასთან კითხვები ჰქონდა. გაფრინდაშვილის თქმით, იგი შეხვდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს, ასევე აჩვენა მის მიერ შესრულებული კვლევა და ახსნა–განმარტებაც დატოვა, შეხვდა საბჭოს წევრ მარინა მუსხელიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ საკითხი გაარკვიეს და საბჭო მოუსმენდა მის მოსაზრებას  საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის თაობაზე.

დღევანდელ განმარტებაში მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ ასეთ საუბარს ლელა გაფრინდაშვილთან ზუსტად ვერ იხსენებს:

“ბევრო ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ უსიამოვნო ვითარების გამოსწორება, მაგრამ გზა ვერ ვიპოვეთ. სამართლებრივად, მენეჯმენტმა უნდა მოსთხოვოს ლელას თანხის დაბრუნება. რაც შეეხება ლელას განცხადებას, რომ მე რაღაც დამაიმედებელი შევთავაზე მას მერე, რაც ეს ამბავი გაირკვა, ვაღიარებ, რომ ზუსტად ეს საუბარი არ მახსოვს და არ გამოვრიცხავ, რომ ვუთხარი, იქნებ გამოსავალი მოიძებნოს, ვინაიდან ლელას ძალიან თანავუგრძნობ, ამ გაუგებრობაში რომ მოჰყვა. ამას აქ ვწერ იმიტომ, რომ არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და სამეურვეო საბჭოს ბრალდება ის, რაც არ ჩაგვიდენია”,- წერს მუსხელიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ლელა გაფრინდაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ღია სხდომის ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, ასეთი სხდომა “წერტილს დაუსვამს ამ აბსურდს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი