ახალი ამბები

მანანა კობახიძე: მინარეთის დემონტაჟი ასეთი ფორმით არ უნდა მომხდარიყო

2 სექტემბერი, 2013 • • 1536
მანანა კობახიძე: მინარეთის დემონტაჟი ასეთი ფორმით არ უნდა მომხდარიყო

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი აზრით, მინარეთის დემონტაჟი ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო:

 

“მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს გამოკვლეული, შესაძლებელია მშენებლობა იყო უკანონო, მაგრამ დემონტაჟი ასეთი ფორმით არ უნდა მომხდარიყო. მე ვთვლი, რომ თუ რაიმე ექსპერტიზა იყო ჩასატარებელი, ეს შესაძლებელი იყო ადგილზეც და თუკი დადგინდებოდა მშენებლობის უკანონობა ან რაღაც სხვა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მომხდარიყო და განხორციელბულიყო აღნიშნული. რაიმე ძალის გადამეტება თუ მოხდა ადამიანების დაკავებისას იგივე პოლიციის მხრიდან, ამასაც სჭირდება გამოკვლევა.

 

რელიგიურ გრძნობებზე თამაში და ამით მანიპულირება არანაირად არ არის ხელსაყრელი და სახელმწიფო ნამდვილად მოტივირებულია, რომ ყველა ადამიანის რელიგიური აღმსარებლობა იყოს დაცული და ასეთი, რაღაცა ადმინისტრაციული ზომებით არ გართულდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის. ჩვენ ყოველთვის ტოლერანტობით გამოვირჩეოდით და ამ ნიადაგზე დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად არ ხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა პროცესები შეიძლება ხელოვნურადაც იყო მართული, ამას სჭირდება გამოძიება და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მე მესმის განუბაჟებლობის პრობლემა, მაგრამ, თუ გახსოვთ, იგივე ფერიის მთაზე ეკლესიის დემონტაჟმა თუ დანგრევამ რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ ამის გამო ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას და არ უნდა განმეორდეს მსგავსი რამ”, – განაცხადა მან და დასძინა: ის ფაქტი, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში დაბრუნდა, პოზიტივის მაჩვენებელია, რადგან ამან შეიძლება მდგომარეობის გართულება აღარ გამოიწვიოს:

 

“დღეს რაც განაცხადა ბატონმა პრემიერმა, მე აბსოლუტურად ვეთანხმების მის პოზიციას, რომ უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხები და შესაბამისი შეფასებაც მიეცეს. თუნდაც ის, რომ [მინარეთი] ადგილზე დაბრუნდა,  გარკვეულწლიად პოზიტივის მანიშნებელია, რომ ამით შესაძლებელია მდგომარეობის გართულება თავიდან ავიცილოთ. მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მეორეც არის, იქნება ეს მართლმადიდებლური ეკლესია თუ მეჩეთი, როცა მშენებლობის სურვილი აქვთ გარკვეულ ჯგუფებს, უნდა დაიცვან კანონი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი