ახალი ამბები

საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად

2 თებერვალი, 2018 • 6106
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად

საქართველოს ნატოში მიღება იმ პირობით, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე, არის თუ არა გამოსავალი ქვეყნისთვის, რომელიც 10 წელია ელოდება სამხედრო გაერთიანების კარის გაღებას?

კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი “Heritage Foundation” აქვეყნებს მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევს, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება. დოკუმენტში წერია, რომ პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმა არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ორი რეგიონის გამო საქართველოს აღარ მოუწევს ჩაბმა ნატოს შეიარაღებულ კონფლიქტში, რადგან მეხუთე მუხლის მიხედვით, ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ნიშნავს, რომ ყველა წევრს დაესხნენ თავს და ნატოც კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობით პასუხობს აგრესიას. აქედან გამომდინარე, მეხუთე მუხლის მოქმედება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე იმ დროს გავრცელდება, როცა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ამ ორ რეგიონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგება.

კოფის განმარტებით, ტექნიკურ და პროტოკოლის დონეზეც არ არსებობს პრობლემა და თუ საქართველოს მიღება ამ პირობით მოხდება, ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეექვსე მუხლში შესწორება შევა. აღნიშნული მუხლი იმ ტერიტორიებს განსაზღვრავს, რასაც მეხუთე მუხლი მიემართება. მეექვსე მუხლის გადახედვის პრეცედენტიც არსებობს, როდესაც 1951 წელს ნატოს წევრი გახდა საბერძნეთი და თურქეთი.

“ეს მხოლოდ დროებით ზომა იქნებოდა, მანამ, სანამ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში მშვიდობა დიპლომატიური გზით არ დამყარდება”, – წერს კოფი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ეს კომპრომისული წინადადება მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ თქმულა, რომ ნატოში წევრობა არა ომისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისთვის სჭირდება საქართველოს. ამას გარდა, საქართველო იქნება უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს განმეორებით სამხედრო აგრესიას.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ კომპრომისული წინადადებით შევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში:

“ნატოს წევრ სახელმწიფო საქართველოს მოლაპარაკების მაგიდასთან სულ სხვა წონა ექნება რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. დღეს ისინი საქართველოს უკან ძალას ვერ გრძნობენ, მით უმეტეს, როცა მათ რუსეთის მფარველობა აქვთ. თუ საქართველოს ძირითადი ნაწილი გახდება ნატოს წევრი, ეს აბსოლუტურად ცვლის რეალობას, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკურს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, და საქართველოს სულ სხვა პოზიციონირების ძალა ეძლევა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის თავსატკივარი იქნება და საერთო სოლიდარობიდან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოებისთვის მუდმივი საკითხი გახდება”, – ამბობს კაკაჩია.

ის ადამიანები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების ისტორიაში ზუსტი არა, მაგრამ მსგავსი ანალოგი არსებობს, როდესაც 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა. მაშინ გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად – პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. ჯერ გერმანიის დასავლური ნაწილი გახდა ნატოს წევრი, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1990 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეუერთდა ალიანსს.

[blue_box]როგორ უნდა დავითანხმოთ ნატოს სკეპტიკოსი წევრები კომპრომისულ წინადადებაზე?[/blue_box]

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია ამ წინადადებით ნატოს სკეპტიკოსი წევრების დაინტერესება, რადგან მათ ძალიან არ მოსწონთ რუსეთის მეზობელი ქვეყნების გაწევრების საკითხის წამოჭრაც კი, თუმცა კაკაჩია მიიჩნევს, რომ საჭიროა ერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატები დაკავდეს ამ წინადადების ლობირებით:

“თუ აშშ-ის დღის წესრიგში გაჩნდა ეს საკითხი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოღვიძება. ჩვენ ვიცით, რომ გამოწვევები არსებობს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და არც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის  არის იდეალური ურთიერთობები. მარტო აშშ-ის იმედადაც არ უნდა ვიყოთ, ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს ევროპულ მხარესთან, რომ ისინი დაარწმუნონ, რეალურად, ეს გადაწყვეტილება ხელს აძლევს ყველას და ამით საფრთხე არავის არ მიადგება”,- ამბობს კაკაჩია.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. 10 წლის განმავლობაში ნატო საქართველოს მოიაზრებს სანდო პარტნიორად. საქართველო და ნატო სხვადასხვა ფორმატში პარტნიორობენ, თუმცა ნატო განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სადაც საქართველო მეტ ჯარისკაცს გზავნის, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნები. საქართველო აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციასაც კი, რომელიც მხოლოდ ნატოს წევრებისთვის არსებობს. რეკომენდაციის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა დახარჯონ. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ნატოში მიღების კომპრომისული წინადადების საწინააღმდეგო არგუმენტები ორი ტიპისაა. ერთი, რომელიც ნაკარნახევია ობიექტური რეალობით, მეორე კი, რეალურად საბაბია. ხიდაშელი ამბობს, რომ რეალურად, სკეპტიკოს ქვეყნებს არგუმენტები პრაქტიკულად არ აქვთ, რადგან ინსტრუმენტების დონეზე, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონეზე, საქართველოს  მიერ აღებული და შესრულებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველო იქ დგას, სადაც ნატოს წევრი ქვეყანა.

“რაც შეეხება საბაბებს, უამრავ საბაბს ვაძლევთ სკეპტიკოსებს იმისათვის, რომ პერიოდულად თითი გამოიშვირონ ჩვენკენ და თქვან, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება და ეს არის დემოკრატიების გაერთიანება უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, გვითხრან, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ტიპის ქვეყანა, რომელიც არაა თავსებადი სახელმწიფოებრიობის განვითარების დონით. არა სამხედრო კომპონენტით, არამედ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისთ ვალსაზრისით, ეს არის ხშირად საბაბი და ხანდახან რეალური მიზეზიც”,- ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, არ უნდა გამოირიცხოს რუსეთის ფაქტორი, რომელიც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ:

“ეს არის ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორი, ჩვენ ვერ შევცვლით რუსეთს. ჩვენ ვერ შევქმნით რუსულ დემოკრატიას. გასაგებია, რომ ეს ფაქტორი არსებობს და გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩვენი პირველი რიგის საშინაო დავალებები უნდა შევასრულოთ იმიტომ, რომ ღიად, საჯაროდ, ფორუმზე ან სამიტებზე, არასოდეს არცერთი ნატოს წევრი ქვეყანა არ და ვერ იტყვის, რომ უარს გეუბნება წევრობაზე იმიტომ, რომ რუსეთს ასე უნდა. ის ყოველთვის ეძებს საბაბს, რომლის გამოც შენ გეტყვის უარს წევრობაზე, ეს საბაბები უნდა გამოვაცალოთ ჩვენ სკეპტიკოსებს”, – ამბობს ხიდაშელი.

[blue_box]რას ეფექტი ექნება ნატოში გაწევრების კომპრომისულ წინადადებას საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში?[/blue_box]

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ნატოში მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება გაჩნდა. ამას ემატება რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად გვეუბნება, რომ საქართველოს ნატოში არასდროს მიიღებენ და სხვა. ეს აისახა კიდეც საზოგადოებრივ განწყობებზე. NDI-ის კვლევების თანახმად, სამი წლის განმავლობაში ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8%-ით გაიზარდა.

“[კომპრომისულ წინადადებაზე] სამუშაოა საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რომ მათ სწორად გაიგონ საკითხი. ამას სჭირდება განხილვები, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს იყო, რომ საზოგადოებამ აწონ-დაწონოს, რა პლუსები და მინუსები აქვს კომპრომისულ შეთავაზებას და ფაქტის წინაშე არ დააყენო.”

თინა ხიდაშელის მოსაზრებითაც, მოსალოდნელია დემაგოგია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპრომისული წინადადება ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთსა და ოსეთზე უარის თქმას. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის დემოაგოგიას უნდა დაუპირისპირდეს ცალსახა პოზიცია, რომ საქართველო ომისთვის არ ემზადება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხაზი კი გადის ნდობის აღდგენასა და ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოქალაქეებს თავად მოუნდებათ ცხოვრება ძალდატანების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი