ახალი ამბებისაზოგადოება

ალცჰაიმერის ადრეული ნიშნების ამოსაცნობად მეცნიერებმა ახალი ტესტი შეიმუშავეს

2 თებერვალი, 2018 • 5625
ალცჰაიმერის ადრეული ნიშნების ამოსაცნობად მეცნიერებმა ახალი ტესტი შეიმუშავეს

ავსტრალიელმა და იაპონელმა მეცნიერებმა სისხლის ახალი ტესტი შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ალცჰაიმერის დაავადების ადრეული ნიშნების ამოცნობაა შესაძლებელი. ამის შესახებ CNN გამოცემა Nature-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ტესტს შეუძლია ამოიცნოს ტოქსიკური ცილა ამლოიდ ბეტა, რომელიც, როგორც ცნობილია, ალცჰაიმერით დაავადებულების სისხლშია. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ტესტი შემთხვევათა 90%-სთვის წარმატებულია.

კვლევის თანახმად, მეცნიერთა ჯგუფმა შეამოწმა 121 პაციენტი იაპონიიდან და 252 ავსტრალიიდან, რომლებსაც ჯანმთელობის სხვადასხვა მდგომარეობა ჰქონდათ, მათ შორის იყვნენ როგორც ჯანმრთელი მონაწილეები, ასევე ის პაციენტები, ვისაც მცირედი კოგნიტური გაუარესება ან ალცჰაიმერის დაავადება აქვს.

ტესტის მთავარი მიზანი ამლოიდ ბეტას ცილების ოდენობის წინასწარი ამოცნობა იყო. ამ ცილის ტვინში არსებობა ალცჰაიმერის დაავადების, როგორც დემენციის (ტვინის ორგანული დაზიანების) ყველაზე გავრცელებული ფორმის, ერთ-ერთი ნიშანია.

სისხლის ანალიზის მიხედვით ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობას 2017 წელსაც ეცადნენ. თუმცა, კვლევის შედეგის თანახმად, მაშინ ტესტი ნაკლებად  ეფექტიანი იყო.

როგორც კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი, კოლინ მესთერსი აცხადებს, აღნიშნული ტესტი, როგორც მინიმუმ, ისეთივე ზუსტია, როგორც დღეს არსებული ტვინის სკანირების მეთოდები და რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ სისხლის ანალიზს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტესტი ჯერ კიდევ არასრულყოფილია კლინიკური პრაქტიკისთვის.

ალცჰაიმერის დაავადების დროული აღმოჩენის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ დაავადების  ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერებისა დაკარგვა, პაციენტს ალცჰაიმერის დაწყებიდან 30 წელიწადში შეიძლება გამოუვლინდეს.

დიდი ბრიტანეთის ალცჰაიმერის საზოგადოების მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს ერთი კონკრეტული ტესტი, რომელიც დემენციის (ტვინის ორგანული დარღვევის) საწყის ეტაპებს ამოიცნობდა. როგორც წესი, პაციენტები, რომლებსაც რაიმე სახის კოგნიტური დარღევები აღენიშნებათ, დიაგნოზი ტვინის დეტალური სკანირებისა და შემეცნების უნარის მოკლე ტესტის მიხედვით უდგინდებათ.  

ალცჰაიმერისგან განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა დროული დიაგნოსტიკა პაციენტისთვის საჭირო თერაპიის დაჩქარების წინაპირობაა.

ალცჰაიმერი დემენციის (ტვინის ორგანული დაზიანება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც დემენციის შემთხვევების 60-80%-ში ვლინდება და იწვევს დარღვევებს მეხსიერებაში, ფიქრის უნარსა და ქცევაში. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ნელ-ნელა ვლინდება და საბოლოოდ უარესდება ისე, რომ ადამიანს ყოველდღიურ მარტივ საქმეებში უშლის ხელს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ დაავადება ნერვული კვანძების დეგრადაციას იწვევს, რის გამოც ტვინს სხეულთან “კომუნიკაცია” უჭირს.

მიუხედავად  იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება, უმეტესწილად, 65 წელს ზემოთ ადამიანებს უდგინდებათ, დაავადება ასაკის მატების თანდართული პროცესი არ არის. ალცჰაიმერის მსოფლიო ასოციაციის ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის დაახლოებით 200 ათას ამერიკელს აქვს ალცჰაიმერის საწყისი სიმპტომები.

ალცჰაიმერის დაავადებას დღესდღეობით არ იკურნება, თუმცა მის სიმპტომებთან ბრძოლა და ამის შედეგად დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია. დღესდღეობით, მსოფლიოში დემენციის დიაგნოზი დაახლოებით 47 მილიონი ადამიანს აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი