„ქობულეთის პანსიონატის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. განცხადება ევროსასამართლოში უკვე რეგისტრირებულია. 

განაცხადი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილია ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, განმცხადებლები სასამართლოში დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-9 მუხლის (რელიგიის თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის (განათლების უფლება) და მათთან კავშირში კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები, კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად, ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.

2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო.

2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთში, პანსიონის შენობის შესასვლელთან ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებენ, ღორი დაკლეს და პანსიონატის მიჩნეული შენობის კარზე დაკლული ღორის თავი ჩამოჰკიდეს. დაპირისპირებამ უფრო მასშტაბური სახე 15 სექტემბერს მიიღო, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა. ამის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს. პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა.

ამავე თემაზე: „დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ“

მუსლიმი თემის დისკრიმინაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბერს დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, დადგენილიყო დისკრიმინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაშიც. გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ამავე თემაზე: ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმი თემი ევროსასამართლოს მიმართავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com