ახალი ამბებისამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება – კანონპროექტი

1 თებერვალი, 2018 • 3633
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება – კანონპროექტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება. სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ.

ამის შესახებ საუბარია კანონპროექტში “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ”, რომელიც 31 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტრომ გააცნო. ეს კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის. დოკუმენტთან დაკავშირებით არასამთავობო ორგანიზაციებმა თავიანთი პოზიციები ორ კვირაში უნდა წარადგინონ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მოსაზრება უკევ ცნობილია – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევას IDFI-ის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი არალოგიკურ ნაბიჯად აფასებს.

ახალი კანონის ამოქმედება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ თამარ ქალდანს სამსახურიდან დაითხოვენ – იგი ვადის ამოწურვამდე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას შეასრულებს.

“ამ კანონის ამოქმედებისთანავე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე,”- ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

პარლამენტის მიერ მეორე ვადით არჩეულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 2019 წლის 2 ივლისს ეწურება.

ამავე კანონპროექტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებად გადაინიშნებიან.

ნეტგაზეთი დღეს ცდილობდა, ამ ცვლილებების შესახებ თამარ ქალდანის აზრი გაეგო, თუმცა პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შეხვედრების გამო გადატვირთული გრაფიკი აქვს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი 2013 წლის ივლისში შეიქმნა. ინსპექტორი ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს. ამ ფუნქციას კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, 2019 წლიდან, სახელმწიფო ინსპექტორი გადაიბარებს.


რა უფლებამოსილებები ექნება კანონპროექტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?

  • ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულს, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ჩაიდენენ;
  • გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
  • სახელმწიფო ინსპექტორს შეარჩევენ შემდეგი წესით: საკონკურსო კომისიას პრემიერ-მინისტრი ქმნის. კომისიაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე ომბუდსმენის და ომბუდსმენის მიერ დანიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად;
  • სახელმწიფო ინსპექტორი დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო ინსპექტორზე და ამ სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა კანონით ისჯება;
  • სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოსაძიებელი საქმეების მიმართ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს;
  • სახელმწიფო ინსპექტორი ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს წინა წელს ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლიდან ამოქმედდება და მისი საგამოძიებო ქვემდებარეობა 2019 წლის 1 იანვრიდან ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება.

უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობო სექტორი სამარალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს.  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ასევე ეხება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი