ახალი ამბები

TI: კომუნიკაციის კომისიის ტენდერი მორგებულია ერთ-ერთ კომპანიაზე

1 თებერვალი, 2018 • 1702
TI: კომუნიკაციის კომისიის ტენდერი მორგებულია ერთ-ერთ კომპანიაზე

“საერთაშორისო გამჭვიროვალობა-საქართველოს” განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერი მორგებულია კომპანია Visualware, Inc-ზე, რადგან ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში  მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია

TI-ის ცნობით, ხელშეკრულების პროექტის ხელმოსაწერ ადგილას მითითებულია კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებელი პირის ინიციალები.

ჰენრი ჩარლზ ჰარისი, რომელიც ხელშეკრულების დრაფტში წერია, კომპანია Visualware-ის აღმასრულებელი დირექტორია.

“საერთაშორისო გამჭვიროვალობა-საქართველოს” შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დაირღვა საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპები. TI-ში განმარტავენ, რომ ტენდერი ასევე შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს. ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოუწოდებს, შეაჩეროს ტენდერი, მთავარმა პროკურატურამ კი შესაძლო დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემის შესაძენად  267 857 ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული.

TI-ში მიაჩნიათ, რომ კომისიას წინასწარ ჰქონდა კომუნიკაცია Visualware, Inc-თან და ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვების მიზნით, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ტენდერის პირობები მოარგო, არამედ ამ სატენდერო დოკუმენტაციას დაურთო კომპანიიდან წინასწარ მიღებული ხელშეკრულების პროექტი, როგორც მომავალში ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

“წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყო და 25 იანვარს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არაერთი ცნობილი კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის საქმიანობით არის დაკავებული, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Visualware, Inc,”-წერია IT-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. შესყიდვების სააგენტოში კი ჯერ არ გაცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი