ახალი ამბები

შსს-მ თბილისში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

1 თებერვალი, 2018 • 1310
შსს-მ თბილისში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სმაინსიტროს განცხადებით, გუშინ, 31 იანვარს, თბილისში 2 არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.  უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებულ პირს, რომელიც დაზარალებულების ყოფილი კლასელია, ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბანკეტის გამო დაიწყო. ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი მეგობრები ყოფილმა კლასელებმა ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც ყოფილი თანაკლასელების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა:

” რადგან მეთორმეტე კლასელები არიან და ამთავრებენ სკოლას, ჰქონდათ ბანკეტის სამზადისი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და რამდენიმე პიროვნება დაპატიჟეს მათი ყოფილი სკოლის კურსდამთავრებულებმა. ეს აღმოჩნდა კლასში რამდენიმე პიროვნებისათვის მიუღებელი, ყოფილი კლასელების დაპატიჟება, ასე ვთქვათ. ამის გასარკვევად შეიკრიბნენ, თუ რატომ არ შეიძლებოდა რომ ესენიც ყოფილიყვნენ ყოფილ თანაკლასელებთან ბანკეტზე, და ამ საუბარში დაიძაბა ურთიერთობა და ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი” – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი