ახალი ამბებისაზოგადოება

რა ხარვეზები აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს – აუდიტის დასკვნა

2 თებერვალი, 2018 • 3630
რა ხარვეზები აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს – აუდიტის დასკვნა

აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე დაგვიანებით მიდიან და წინა წლებთან შედარებით მისი მუშაობა გაუარესდა. სტატისტიკა 2015 წლის მონაცემს ეყრდნობა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა, თუმცა სამსახურს ჯერ კიდევ არ დაუნერგავს გამოძახებების პრიორიტეტების განსაზღვრის დისპეტჩერიზაციის სისტემა. სისტემამ უნდა განსაზღვროს, რომელია მაღალი, საშუალო და დაბალი პრიორიტეტების გამოძახება.

2015 წლის მონაცემზე დაკვირვებით, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ თბილისსა და რეგიონებში რეაგირების საშუალო დრო ჩამორჩებოდა უკეთესი პრაქტიკით მიღებულ მაჩვენებლებს.

თბილისში:

[checklist]

  • მაღალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 8 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 22 წუთში
  • საშუალო  პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 15 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 25 წუთში
  • დაბალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 30 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 31 წუთში

[/checklist]

სასწრაფოების მისვლის მაჩვენებელი. თბილისი. წყარო: აუდიტის სამსახური

რეგიონებში:

[checklist]

  • მაღალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 8 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 19 წუთში
  • საშუალო  პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 15 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 19 წუთში
  • დაბალი პრიორიტეტის გამოძახება [რეკომენდებული დრო – 30 წუთი] – სასწრაფო მიდიოდა 20 წუთში

[/checklist]

სასწრაფოების მისვლის მაჩვენებელი. რეგიონები. წყარო: აუდიტის სამსახური

რეგიონებში მაღალი პრიორიტეტის გამოძახებისას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხულოსა და შუახევშია, სადაც რეკომენდებული 8 წუთის ნაცვლად 42 და 46 წუთში მიდიან გამოძახებაზე. მიზეზი მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი რელიეფია.

მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო მაგალითია ფოთი, სადაც მაღალი პრიორიტეტის შემთხვევაში გამოძახების საშუალო დრო 8 წუთს შეადგენს და გამოძახებათა 68%-ში სასწრაფოს რეაგირების დრო 8 წუთი ან ნაკლებია.

საუკეთესო პრაქტიკასთან ყველაზე მიახლოებული მაჩვენებელი რუსთავსა და ქუთაისშია, სადაც მაღალი პრიორიტეტის გამოძახებათა რეაგირების საშუალო დრო 10 და 13 წუთია.

მონაცემების ანალიზისას ირკვევა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი პრიორიტეტის არასწორად განსაზღვრაზე მიუთითებს. აღნიშნულია, რომ დაბალი პრიორიტეტი არ მოითხოვს გადაუდებელ რეაგირებას, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში. შესაბამისად, გამოძახების დაბალ პრიორიტეტად არასწორად განსაზღვრა ზრდის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს:

[checklist]

  • მაღალი პრიორიტეტიდან მხოლოდ 29,6% შემთხვევაში განხორციელდა ჰოსპიტალიზაცია
  • საშუალო პრიორიტეტული გამოძახების დროს ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა 15,8%–ის შემთვევაში
  • დაბალი პრიორიტეტის დროს უფრო მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელია – 17,6%.

[/checklist]

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არ იყენებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონსოლიდირებულ ბაზებს სამედიცინო დაწესებულებების ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას დაწესებულებებში არსებული მომსახურებების შესახებ.

  • გამოვლინდა 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტი გადაიყვანეს დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში, იმის მიუხედავად, რომ ისნის რაიონში განლაგებულია ბევრი მრავალპროფილური საავადმყოფო
  • 693 შემთხვევაში, გულის და ტკივილი გულის არეში დიაგნოზისას პაციენტები გადაიყვანეს დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში.

სასწრაფოების გამოძახებების რაოდენობა 2014–16 წლებში. წყარო: აუდიტის სამსახური

112–ში განგვიცხადეს, რომ შერჩეულია კომპანია, რომლისგანაც უნდა შეისყიდონ კონკრეტული, საქართველოს სპეციფიკაზე მორგებული PDS სისტემა, თუმცა ამჟამად აქტიურად მუშაობენ სისტემის შეძენისა და დანერგვისათვის საჭირო თანხების მოძიებაზე.

“ამ ეტაპზე საჭირო თანხის სრული მობილიზება ჯერ არ მომხდარა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აღნიშნული პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანია 112-თვის და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დონორებთან მოლაპარაკებები”, – განგვიცხადეს 112–ში. 

აუდიტის რჩევა

  • სამინისტროს კოორდინაციით, სსიპ „112“-თან ერთად შემუშავდეს სადისპეტჩერო პროტოკოლები. მათზე დაყრდნობით სსიპ „112“-ის სისტემაში დაინერგოს პრიორიტეტების დისპეტჩერიზაციის პროგრამა და დაწესდეს ინციდენტის ტიპებზე შესაბამისი რეაგირების დროის ნიშნული.
  • ტერიტორიული საკითხი გაითვალისწინოს. მაგალითად, თეთრიწყაროში, რომელიც კარგ მაგალითს წარმოადგენს, ორი ბრიგადა განლაგებულია თეთრიწყაროში, მეორე კი, სოფელ კოდაში. ჩანს, სოფლების ნაწილში, რომლებიც კოდიდან 11 კმ–ის რადიუსში მდებარეობენ,  კოდიდან გასული სასწრაფოს მანქანები უფრო სწრაფად ჩადიან. 
  • კახეთში, სოფელ შაქრიანში ბრიგადის გადაყვანით შესაძლებელია გამოძახებების დროის შემცირება. ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე 6 სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობის ჯამი ყვარლის მოსახლეობის 27% – ს (8247 ადამიანი) და გამოძახებათა 21%-ს შეადგენს.
  • თეთრიწყაროდან წინწყაროში ბრიგადის გადაადგილებით შესაძლებელია გამოძახებათა 25% – ის რეაგირების დროის გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაცია

  • 2011–12 წლებში შესული ზარების რაოდენობამ 417 146 და 468 309 შეადგინა. 2015 წელს, მხოლოდ თბილისში – 640,423 ზარი დაფიქსირდა.
  • 2015 წლის მონაცემებით, თბილისში ერთ ბრიგადაზე წელიწადში საშუალოდ, 11 430 მოსახლე და 6 602 გამოძახება მოდის.
  • რეგიონებში ერთ ბრიგადაზე 11 404 მოსახლე და ერთი წლის განმავლობაში – 2 951 გამოძახება მოდის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი