CRRC-ს კვლევა საქართველოში: ყველა საერთაშორისო გაერთიანებაში შესვლის მხარდაჭერა მცირდება

ორგანიზაცია CRRC-მ პროექტ “კავკასიის ბარომეტრი 2017”-ის ფარგლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კითხვაზე – “რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში” – შედეგები ასე გადანაწილდა:

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას გამოკითხულთა 16% სრულად ემხრობა; ინიციატივას ძირითადად უჭერს მხარს 25%, 26% კი მხოლოდ ნაწილობრივ ემხრობა საქართველოს შესვლას ნატოში. ძირითადად მხარს არ ვუჭერ – ასეთი პასუხი კითხვაზე 8%-მა გასცა, 12%-მა თქვა, რომ აღნიშნულს საერთოდ არ ემხრობა, 13%-ს კი კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

რაც შეეხება ევროკავშირს: გამოკითხულთა 17% სრულად, 28% კი ნაწილობრივ უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ევროგაერთიანებაში. 28% იდეას ნაწილობრივ ემხრობა, ნაწილობრივ კი – არა. ევროკავშირის წევრობას 6% ძირითადად არ უჭერს  მხარს, 8% წინააღმდეგია, 13%-მა კი არ იცის.

რუსეთის მიერ წარმოდგენილი ევრაზიული კავშირის წევრობას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 7%, 12% ძირითადად უჭერს მხარს, 24% კი, ნაწილობრივ.  გამოკითხულთა 12%-ს ევრაზიულ კავშირში შესვლა არ სურს, 26% მკვეთრად წინააღმდეგია, 18%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევაში მოცემულია კონკრეტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა მოლოდინებიც: ნატოში გაწევრიანების მომხრეთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ალიანსი საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს. ევროკავშირში, ისევე როგორც ევრაზიულ კავშირში, შესვლის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აქვს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში ზემოაღნიშნულ სამივე გაერთიანებაში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი მცირდება. ამ კუთხით, კვლევაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნატოსა და ევროკავშირში შესვლის მაღალი მხარდაჭერისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს რომელიმე ამ გაერთიანებაში საქართველოს დანახვა უჭირს, რის გამოც ნეიტრალიტეტს ამჯობინებს. აღნიშნული პოზიციის მქონე მოქალაქეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება.

დღეს, 1 თებერვალს, CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა “კავკასიის ბარომეტრი 2017”–ის შედეგი გამოაქვენა. კვლევა საქართველოს მასშტაბით- დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის- ჩაატარა. ავტორების თქმით, გამოკითხვა წარმომადგენლობითია. კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 2 379 რესპონდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოპასუხება 58%, საშუალო ცდომილებაა 2%.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან