ახალი ამბებისაზოგადოება

ნეტგაზეთს პირველი თებერვლიდან ორი ახალი რედაქტორი ეყოლება

1 თებერვალი, 2018 • 6982
ნეტგაზეთს პირველი თებერვლიდან ორი ახალი რედაქტორი ეყოლება

ნეტგაზეთს პირველი თებერვლიდან ორი ახალი რედაქტორი ეყოლება – დათო ქოქოშვილი და თაზო კუპრეიშვილი.

დათო ქოქოშვილი 2013 წლიდან მუშაობს ნეტგაზეთში რეპორტიორად. მანამდე მუშაობდა მედიანიუსში და GHN-ში ჟურნალისტად. დათო  ნეტგაზეთში  პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირის, ადამიანის უფლებების, ბავშვების, უმცირესობების საკითხზე მომზადებული არაერთი მნიშვნელოვანი და მწვავე სტატიის, ინტერვიუსა თუ ნიუსის ავტორია. ის 2015-16 წლებში ნეტგაზეთის პროექტ “უჩინარების” ერთ-ერთი ავტორი და ვიდეოდისკუსიების წამყვანი იყო. ამ პროექტმა არაერთი ჯილდო მიიღო.

თაზო კუპრეიშვილი 2018 წლის პირველ თებერვლამდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ონლაინ გამოცემის – On.ge-ს რედაქტორი იყო. მანამდე მუშაობდა “ტაბულასა” და “რუსთავი 2”-ში. თუმცა ჟურნალისტური კარიერა თაზომ “ნეტგაზეთში” დაიწყო, სადაც 2010-13 წლებში მუშაობდა. ის აშუქებდა ადამიანის უფლებებს, სამართალს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ნეტგაზეთში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თაზო თავადაც გახდა მსხვერპლი – მას აქციის გაშუქებისას სცემეს. მოგვიანებით შსს-მ თაზო კუპრეიშვილსა და სხვა ჟურნალისტებს ზიანი აუნაზღაურა. თაზო კუპრეიშვილი “ნეტგაზეთს” მრავალფეროვანი გამოცდილებით დაუბრუნდა.

ეს ცვლილებები ნეტგაზეთში ყოფილი რედაქტორის, მაია მეცხვარიშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ნეტგაზეთი 2017 წლის ბოლოს დატოვა.

მაია მეცხვარიშვილი “ნეტგაზეთის” გუნდს გამოცემის დაარსებიდან რამდენიმე თვეში შეუერთდა და 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა “ნეტგაზეთის” ისეთ გამოცემად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა არის. ამჟამადმაია სტუდია “მონიტორში” აგრძელებს მუშაობას.

ნეტგაზეთის თანამშრომლები მას 30 დეკემბერს დაემშვიდობნენ. 

ნეტგაზეთის თანამშრომლები მაია მეცხვარიშვილს ემშვიდობებიან. 30 დეკემბერი, 2017. ნეტგაზეთი

 


ნეტგაზეთი “გაზეთმა ბათუმელებმა” 2010 წელს დაარსა.


მთავარ ფოტოზე: ნეტგაზეთის ამჟამინდელი რედაქტორები – დათო ქოქოშვილი [მარცხნივ] და თაზო კუპრეიშვილი [მარჯვნივ] აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი