დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს

დღეს, 31 იანვარს, იუსტიციის სამინისტრომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა. ეს კანონპროექტი  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

“ჩემი მიზანია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ უკვე პარლამენტში შევძლოთ ამ თემებზე მსჯელობა საკომიტეტო მოსმენების და შემდეგ პლენარული სხდომის რეჟიმში. გვექნება 2019 წლიდან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელთან დაკავშირებითაც წამყვანი როლი ექნება საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ეს არის, მაგალითად, ირლანდიაში თუ ბელგიის სამეფოში. ძალიან ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ მოგვიწია იმ ქვეყნების შესწავლა, სადაც ის არსებობს, თუმცა ამ ქვეყნების რიცხვი ძალიან ცოტაა,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი, გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება; შესაძლო კანდიდატებიდან მას სახელმწიფო კომისია შეარჩევს, ინსპექტორი 5 წლის ვადით დაინიშნება და ის არცერთ სახელმწიფო უწყებას ან თანამდებობის პირს არ დაექვემდებარება.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საპრკურორო ფუნქციებით აღჭურვილი არ უნდა იყოს. მისივე განცხადებით, ორი კვირის ვადაში ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს მოისმენენ.

უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს.  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ასევე ეხება ამ მექანიზმის ჩამოყალიბებას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი