ახალი ამბები

რაქვიაშვილი: არსებობს უფრო მარტივი გზა, ვიდრე უშიშროების საბჭოს დემონტაჟი და ანალოგის შექმნა

31 იანვარი, 2018 • 2025
რაქვიაშვილი: არსებობს უფრო მარტივი გზა, ვიდრე უშიშროების საბჭოს დემონტაჟი და ანალოგის შექმნა

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას უსაფრთხოების საკითხების კოორდინირების მიზნით სპეციალური ორგანოს შექმნის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. პრეზიდენტთან არსებული უშუშროების საბჭოს თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს დემონტაჟისა და მისი ალტერნატივის შექმნის ნაცვლად, მმართველმა გუნდმა უკვე არსებული ინსტიტუტის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს.

“ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მერამდენედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა, გამოსწორდეს ის ზიანი, რომელიც კონსტიტუციურმა რეფორმამ მიაყენა თავად კონსტიტუციას, მთლიანად პოლიტიკურ სისტემას და მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას.

მიგვაჩნია, რომ არსებობს ბევრად უფრო მარტივი გზა, ვიდრე 22 წლის ინსტიტუტის დემონტაჟი და შემდეგ მისი ანალოგის ხელახლა შექმნის მცდელობა, უშიშროების საბჭო არის ზუსტად ის ორგანო, რომელზეც არის ეს ფუნქციები დაკისრებული, პოლიტიკური თათბირისა, რომლის გარეშეც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ განისაზღვრება”, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ არსებული ორგანოს(უშიშროების საბჭოს) მოდელი იმ მოდელთან ადაპტირდეს, რომელიც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ იქნება მიღებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს აღნიშნული წინადადება უკვე გაუზიარა, თუმცა თავდაცვის კომიტეტისთვის მის მიწოდებას კვლავ აპირებს.

ირაკლი სესიაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინირების მიზნით ალტერნატიული ორგანოს შექმნის შესაძლებლობა დღეს, 31 იანვარს გაახმიანა. სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა მთავრობასაც შეუძლია, თუმცა პროცესის უკეთ წარმართვისათვის ერთიანი ცენტრის შექმნაა საჭირო.

“მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო და ის ყველა შესაბამის უწყებას ითავსებს. მთავრობას შეუძლია ეს გააკეთოს მთავრობის ფარგლებში, თუმცა, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უფრო უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, არამედ სხვა მიმართულებითაც წარმოაჩენს ერთიან ხედვას, თუ როგორ უნდა მოახდინოს ქვეყანამ რეაგირება. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, რა პროცესშიც პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებიც არიან ჩართული”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო უქმდება. გასული წლის ნოემბერში წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ასევე წყვეტს მუშაობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2013 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დროს შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი