რომელი სახეობის ტყლარწს უნდა მოვარიდოთ ბავშვები

ინტერნეტმაღაზია “ამაზონმა” სათამაშო, სახელწოდებით “მაგნიტური ტყლარწი” გაყიდვებიდან ამოიღო. ბრიტანული მედიასაშუალების, BBC-ის ცნობით, კომპანიამ ეს გადაწვყეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ სათამაშოში დარიშხანის შემცველობა დასაშვებ ნორმას 7-ჯერ აღემატება.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სახეობისა და მწარმოებლის ტყლარწია მავნებელი, BBC-ის ცნობით, აკრძალვა შეეხო მხოლოდ ერთი მწარმოებლის “მაგნიტურ ტყლარწს”, რომლის ტესტირების შედეგებიც გახდა ცნობილი. მიუხედავად საშიში ნივთიერების მაღალი შემცველობისა, პროდუქციის შეფუთვაზე მითითებული იყო, რომ სათამაშო არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

გარდა დარიშხანის მაღალი შემცველობისა, დადგინდა რომ პროდუქტის შეფუთვაში არსებული მაგნიტის მიზიდულობა დასაშვებზე 29-ჯერ მეტია მცირე ზომა კი საფრთხეს ქმნის, რომ ბავშვმა მაგნიტი გადაყლაპოს.

“მაგნიტური ტყლარწი”, რომელიც დარიშხანის მაღალი შემცველობის გამო Amazon.Com-მა გაყიდვებიდან ამოიღო

“ნეტგაზეთი” საქართველოში მომუშავე სათამაშოების მაღაზაიათა ქსელებს დაუკავშირდა. “სუპერში”, “XS Toys”-სა და “ჭიტაში” გვითხრეს, რომ მათი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტბს შეესაბამება და სათამაშოებს, რომლებსაც საკუთარ დახლზე ათავსებენ, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ ტიპის სათამაშო კი გაყიდვაში არ ჰქონიათ.

“ჩვენს ქსელში არ იყიდებოდა მაგნიტური ტყლარწი, საერთოდ არ გვქონდა შემოტანილი, რადგან თავიდანვე ჩვენმა დირექციამ გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო ჯანსაღი” – ამბობს მაღაზიათა ქსელ “ჟიტას” დირექტორის მოადგილე ნინო ლომიძე.

“სახელმწიფო სტრუქტურებისგან ხარისხის შემოწმება არ ხდება. ჯერჯერობით საქართველოს  არ აქვს აკრედიტებული ლაბორატორია, სადაც შეეძლება ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს პროდუქტის გადამოწმება. ამ შემთხვევაში, ჩვენ შპს-ები, ასევე მომხმარებლები, ვართ მინდობილი იმ ქარხნების დოკუმენტაციაზე, საიდანაც ჩვეთან იგზავნება” – ამბობს ლომიძე.

ამავე თემაზე გირჩევთ წაიკითხოთ:  სახიფათო სათამაშოები სახელმწიფო კონტროლის გარეშე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.