ახალი ამბები

უკანონო მშენებლობა სხალთის სამონასტრო კომპლექსში

29 აგვისტო, 2013 • 3334
უკანონო მშენებლობა სხალთის სამონასტრო კომპლექსში

 

გასულ შაბათს, საღამოს, ლოცვის დაწყებამდე სხალთის მონასტრის ეზო ცარიელი იყო. ეკლესიაში მხოლოდ მონასტრის წინამძღვარი, მამა იოანეა, რომელიც ჯერ ინტერესდება კულტურის სამინისტროდან ვართ თუ არა. მას შემდეგ კი, რაც ვუხსნით, რომ ჟურნალისტები ვართ, იგი ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს და უპასუხოდ ტოვებს შეკითხვებს, ვისი გადაწყვეტილებით და რა სახსრებით მოხდა შეთანხმების გარეშე ისტორიულ ნანგრევებზე ახალი ტაძრისა და გალავნის მშენებლობა.

 

 

 

სხალთის სამონასტრო კომპლექსის ეზოში ახლა მუშები არ ჩანან, თუმცა სხალთის მე-13 საუკუნის ეკლესიის გვერდით ძველი, პატარა ეკლესიის ნანგრევებზე აგებული, ხარაჩოებში ჩასმული შენობა უკვე საკმაოდ დიდია. კომპლექსს გარს არტყია დაახლოებით 180 სანტიმეტრის სიმაღლის ქვის გალავანი, რომლის მშენებლობაც დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულებულა. მსგავსი, ქვის მაღალი გალავანი აქვს შემორტყმული სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის რეზიდენციასა და ხიჭაურის უნივერსიტეტს შუახევში.

 

 

სხალთაში მიმდინარე უნებართვო სამუშაოების შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაახლოებით ერთი კვირაა რაც ინფორმაცია აქვთ. აქ ბათუმიდან მიიღეს შეტყობინება ფოტომასალასთან ერთად. ბიძინა აფხაზავას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მათ სააგენტოს აცნობეს, რომ სხალთის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებს და უნებართვო მშენებლობას ჰქონდა ადგილი. 

 

 

ნიკა ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსი ამბობს, რომ სამუშაოებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სხალთაში, მათ უწყებას ნებართვა არ გაუცია. ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ის უკვე დაუკავშირდა სხალთის მონასტრის წინამძღვარს და მშენებლობის შეჩერება სთხოვა: 

 

„მამა იოანეს ვესაუბრე. ჩვენ ადრეც გვქონია თანამშრომლობა, გვისაუბრია. არ ვიცი რატომ დაიწყო ნაჩქარევად მშენებლობა. ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია კი არა, ქვის გადაადგილებაზეც არ გაგვიცია მანდ ნებართვა. მე ვთხოვე, შეეჩერებინათ მშენებლობა და აეღოთ ნებართვა. არქიტექტორ-რესტავრატორი უკვე იყო მოსული და გაიარეს კონსულტაციები“.

 

 

ნიკა ანთიძე ამბობს, რომ მისთვის საერთოდ უცნობია გალავანის მშენებლობის საკითხი, რომლის მშენებლობისთვისაც სააგენტოს ასევე ნებართვა უნდა გაეცა. რაც შეეხება სხალთის ისტორიული ძეგლის შესასვლელში კირით შეთეთრებულ მცირე ფართობს, მისი თქმით,  ამ მიშენებაზე ნებართვა 2010 წელს იყო გაცემული. 

 

 

საქართველოს საპატრიარქოსთან ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი ფუნცქიონირებს, რომელსაც ალავერდის მიტროპოლიტი დავითი ხელმძღვანელობს. მან ამ საკითხზე ტელეფონით კომენტარზე უარი განაცხადა.

 

კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსი ნიკა ანთიძე  ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საპატრიარქოსთან არსებული საბჭო ამჟამად ისვენებს, თუმცა დასძენს: „ჩვენთან პროექტი რომ მოიტანეს, 2007 წელს განხილული ყოფილა საპატრიარქოს საბჭოზე, ბეჭედი ასვია პროექტს საპატრიარქოსი. აქედან გამომდინარე, წესით საქმის კურსში უნდა იყვნენ“.

 

 

რა იქნება შემდგომი ნაბიჯი, რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად? ნიკა ანთიძე განმარტავს: „ჩვენ გავაფრთხილეთ, ვთხოვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მშენებლობის. ვნახავთ როგორი იქნება პროექტი. ჩვენ რა პროექტსაც მოვიწონებთ, იმით უნდა განხორციელდეს მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან“.

 

 

რაც შეეხება ჯარიმებსა და მათ ოდენობას, ნიკა ანთიძის თქმით, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატეგორიაზეა დამოკიდებული: „თუ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, ფიზიკური პირი ჯარიმდება 10 000 ლარით, თუ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონე, მაშინ ფიზიკური პირი ჯარიმდება 5 000 ლარით. იურიდიულ პირზე თანხა მეტია. ერთხელ დაჯარიმება, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან, გაფრთხილება და შენიშვნები გამოსწორებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება. გასამმაგების მერე, თუ კიდევ არ გამოსწორდება მდგომარეობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გადადის საკითხი“, – ამბობს ნიკა ანთიძე.

 

 

კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა სასულიერო პირი ან მონასტერი დაჯარიმდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თვითნებური მშენებლობის გამო, ნიკა ანთიძე პასუხობს: „საპატრიარქოსთან ამდენი ხნის თანამშრომლობის შედეგად ჩვენ გვაქვს შეთანხმება, გარკვეულ წილად ვითვალისწინებთ რა მათ საქმიანობას, ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ვერიდებით. ჩვენ ვაფრთხილებთ, ვაძლევთ გარკვეულ ვადას,  რეკომენდაციებს, რა გააკეთონ. მე, მაგალითად, 2001 წლიდან ვმუშაობ და ყოფილა ბევრი გაფრთხილება, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევა არ ყოფილა. ერთხელ მახსენდება, როცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადავეცით საქმე, მაგრამ სასულიერო პირს არ ეხებოდა, ეს იყო სოფელში მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებზე დარღვევები. ეკლესიის წარმომადგენელი არ ემორჩილებოდა კანონს –  ასეთი რამ მე არ მახსოვს“.

 

 

ისტორიული ცნობები სხალთის სამონასტრო კომპლექსის შესახებ: ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და თვით ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. სხალთის ხეობა შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა.

 

არქეოლოგი შოთა მამულაძე სხვა მეცნიერებთან ერთად სხალთის სამონასტრო კომპლექსს სწავლობდა. იგი ამბობს, რომ სხალთა აჭარაში დღემდე ყველაზე კარგად შემონახული ქრისტიანული ნაგებობაა და თავისი შიდამხატვრობითა და გარე ორნამენტებით ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია რეგიონში. მისი თქმით, სხალთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ინდივიდუალურ და კოლექტიურ სამარხებში აღმოჩენილი ნივთები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული.  

 

ბოლო წლების მანძილზე მედიის საშუალებით არაერთი ფაქტი გახმაურდა, რომელიც სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის ხარჯზე მშენებლობებს შეეხებოდა. რა არის ამის მიზეზი, რატომ არ ათანხმებს საპატრიარქო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან  მშენებლობა-რესტავრაციის პირობებს? ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ეს რთული თემაა:

 

„ეკლესიას აღიქვამენ, როგორც, არ ვიცი… თავადაც ნანახი გექნებათ სოფლებში, აი, მოდი ფული დავდოთ და რესტავრაცია გავუკეთოთ და ასე შემდეგ და მერე შედეგებს ვიღებთ საკმაოდ სავალალოს.  ზოგიერთ ადამიანს, სასულიერო პირს, ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ არ ითვალისწინებს კანონმდებლობას, არ იცის ნებართვა როგორ უნდა გაიცეს, რა სანქციები მოჰყვება უნებართვობას. აქედან გამომდინარე, ეს ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალი უფროა, რაზეც ჩვენ მოკლე ხანში უფრო ქმედით ღონისძიებებს განვახორციელებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას ასეთი შემთხვევები.  

 

სასულიერო პირს არ მოეთხოვება ზეპირად იცოდეს კანონები და ბიუროკრატიულ საკითხებში იყოს ჩარეული, მაგრამ თუ ვინმეს კარგი ინიციატივა აქვს, ის პროცედურებიც უნდა გაიაროს, რაც კანონითაა დადგენილი და ეს არის მარტო ბიუროკრატიული კაპრიზი. ისეთი ნებართვები უნდა გაიცეს, რომ ძეგლის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყოს საუბარი და არა მისი ავთენტურობისა და ღირებულების დაკარგვაზე“. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი