ახალი ამბები

ეროვნული კრიპტოვალუტა – რას ითხოვენ მოქალაქეები პეტიციების სამთავრობო პორტალზე

31 იანვარი, 2018 • 3721
ეროვნული კრიპტოვალუტა – რას ითხოვენ მოქალაქეები პეტიციების სამთავრობო პორტალზე

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ პეტიციების პლატფორმაზე ichange.gov.ge 4 პეტიცია დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას, პასპორტის გადასახადის გათანაბრებასა და პიროტექნიკაზე კონტროლის დაწესებას ითხოვენ.

  • 22 დეკემბერს გამოქვეყნებული პეტიციის მიხედვით, მოქალაქე ითხოვს, რომ საქართველომ თავისი კრიპტოვალუტა გამოუშვას წარმოებაში. 2017 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ პეტიციას ორმა ადამიანმა მისცა ხმა.“მიგვაჩნია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების მიზნით საქართველომ უნდა დაიკავოს რეგიონში მოწინავე ქვეყნის პოზიცია და სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა საკუთარი კრიპტოვალუტის და სახელმწიფო სერვისების სრულფასოვან ინტეგრაციაზე ბლოკჩეინში”, – წერია პეტიციაში.
  • 22 დეკემბერს გამოქვეყნებული პეტიციით ითხოვდნენ, რომ პეტიციაზე საჭირო ხელმოწერების რაოდენობის 9 000–მდე შემცირებულიყო. ამჟამად 10 000-ია. პეტტიცია 22 დეკემბერს გამოქვეყნდა და 12–მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
  • 26 იანვარს გამოქვეყნებული პეტიცია შეეხება პიროტექნიკაზე კონტროლის დაწესებას. ამ პეტიციას ჯერ მხოლოდ 21 ადამიანის ხელმოწერა აქვს. მოთხოვნაში წერია, რომ პიროტექნიკა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი და ახალი წლის პერიოდში მუდმივად ფიქსირდება ათეულობით შემთხვევები, როდესაც ბავშვები ღებულობენ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებებს.
  • 26 იანვარს გამოქვეყნებული პეტიციით მოქალაქე ითხოვს, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტის აღების საფასური გაუთანაბრდეს იმ ფასს, რასაც საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იხდიან. პეტიციას ხელი 15–მა ადამიანმა მოაწერა. 

პეტიციების პორტალი საქართველოს მთავრობამ დააფუძნა, რომელიც “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. პლატფორმა 2014 წლის 557–ე დადგენილების მიხედვით ამოქმედდა.

დადგენილების მიხედვით, პეტიციის შედგენა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც პლატფორმაზეა დარეგისტრირებული.

ichange.gov.ge-ს ყავს მოდერატორი ან მოდერატორები, რომელთა მოვალება პეტიციების გამოქვეყნება, მომხმარებელთან კომუნიკაცია  და საიტის შეცვლაზე ანგარიშების მომზადებაა. მოდერატორმა 10 კალენდარულ დღეში უნდა განიხილოს პეტიციის შესაბამისობა წესებთან, ხოლო შემოწმებიდან 2 დღეში წერილობითი პასუხი უნდა მისწეროს მოდერატორს.

იმისთვის, რომ პეტიცია განიხილონ, გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მხარი უნდა დაუჭიროს 10 000-მა ადამიანმა. საკმარისი რაოდენობით მხარდაჭერის შემთხვევაში პეტიციას განიხილავს სპეციალური კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ.

ამ კომისიის რეკომენდაციით, შესაძლებელია, რომ მინისტრთა კაბინეტმა პეტიცია განიხილოს მთავრობის სხდომაზე.

ხელმოწერების შეგროვებიდან 3 კალენდარული თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს წერილობითი პასუხი პეტიციაზე და ichange.gov.ge-ზე გამოაქვეყნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი