ახალი ამბები

საია: დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

31 იანვარი, 2018 • 1888
საია: დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

საია აცხადებს, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ამის შესახებ საიაში ბრიფინგი 31 იანვარს გაიმართა. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის 14 სექტემბერს შევიდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მას არ ასრულებს.

საია, თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანთან ერთად, მიმართავს დანაშაულის პრევენციის ცენტრს, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სამსახურში და აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი; ისინი ასევე მიმართავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.  დამსაქმებელი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური განწყობის გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან,”- აცხადებს საია.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობს უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც ამ ეტაპზე არ ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- აცხადებს საია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი