ახალი ამბები

კალაძე: დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი სარგებლობის ფაქტები

31 იანვარი, 2018 • 1464
კალაძე: დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი სარგებლობის ფაქტები

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი სარგებლობის შემთხვევები დაფიქსირდა. კალაძის თქმით, პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური
რეჟიმით გადაადგილდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოუწოდა მოადგილეებსა და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრებს,თავი შეიკავონ ამ საშვების ოჯახის წევრებისთვის გადაცემაზე:

„ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი