ახალი ამბები

კალაძე: დღეს არსებული სისტემა შესრულებული სამუშაოების კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს

31 იანვარი, 2018 • 1375
კალაძე: დღეს არსებული სისტემა შესრულებული სამუშაოების კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს

მუნიციპალური პროექტების დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალური პროექტების ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი მწვავე საკითხია. კალაძის თქმით,  „ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს”.

დედაქალაქის მერის თქმით, ამის ნათელი მაგალითი საზოგადოებამ გუშინ იხილა, როდესაც მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოვარდა. კალაძემ თავის მოადგილეებს სთხოვა, შემოწმების პროცესი დააჩქარონ:

“როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ. ვიცი, რომ [მერის] მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი ეფექტური იყოს და კონტროლიც, ამავდროულად, ეფექტური იქნება“ – თქვა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქს ისეთი მოდელი და სისტემა სჭირდება, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით მოხდება:

„ყველა დაშვებული თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენგანი გამოძიების შედეგებს ველოდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.


30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობდა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: [highlight color=”green”]სკოლა, ბაღები და სხვა ობიექტები, რომლებიც “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

მასალების გადაბეჭდვის წესი