ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ გეგმავს $80 მილიონიანი სასტუმროს აშენებას რუსთაველის გამზირზე

30 იანვარი, 2018 • 5071
ვინ გეგმავს $80 მილიონიანი სასტუმროს აშენებას რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში (პირველი გიმნაზიის გვერდით,) შესაძლოა, Four Seasons-ის სასტუმრო აშენდეს. როგორც ნეტგაზეთს “ჯორჯიან ეარ სერვისში” განუცხადეს, სასტუმროს ასაშენებლად მოლაპრაკებებს Four Seasons-თან შენობის ყველა თანამესაკუთრე, მათ შორის “ჯორჯიან ეარ სერვისიც” აწარმოებს. Four Seasons-ის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს  Starwood-ის ქსელთანაც. პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 80 მილიონი დოლარი იქნება.

რეესტრის მონაცემებით, რუსთაველის 12 ნომერში 24 590 კვ.მ შენობაში ფართებს ეთერ გაიაშვილი, შპს. “ჯორჯიან ეარ სერვისი”, შპს. “ნოა-ნოა” და სააქციო საზოგადოება “სილქნეტი” ფლობენ.  როგორც “ჯორჯიან ეარ სერვისში” აცხადებენ, მოლაპარაკებებში ყველა მფლობელია ჩართული, თუმცა ნეტგაზეთს “სილქნეტში” უთხრეს, რომ სასტუმროს მშენებლობაზე ინფორმაცია არ აქვთ.  “სილქნეტში” ამბობენ, რომ  შენობაში მხოლოდ 208 კვ.მ-ს ფლობენ, სადაც კომპანიის სატელეფონო სადგურია განთავსებული.

რუსთაველის 12 ნომერში სასტუმროს ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გასცა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე განიხილებოდა, თუ რამდენად შეესაბამება შენობის ვიზუალური მხარე არსებულ განაშენიანებას და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს.

სხვა საკითხების შესწავლა კი, როგორიცაა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, ესკიზის შეთანხმების ეტაპი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ მომხდარა.

ესკიზის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ იცვლება შენობის ფორმა. კერძოდ, შენობის ხისტი კუთხე წრიული ფორმითაა ჩანაცვლებული, რაც განმცხადებლის თქმით, არბილებს უკრაინკის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს შორის ბმას.  შენობის მოცულობა კი ინარჩუნებს ისტორიული განაშენიანების მასშტაბებს. განამრტებით ბარათში წერია, რომ სასტუმროს შენობა შერწყმული იქნება რუსთაველის გამზირზე არსებულ გარემოსთან:

“შენობის მოცულობა გამზირის და უკრაინკის ქუჩის მხარეს ინარჩუნებს ისტორიულ განაშენიანების მასშტაბებს და მაღალი მოცულობები განვითარებულია ნაკვეთის დიაგონალის მიმართულებით. აგრეთვე მაღალი მოცულობები აქცენტირებულად დაშორებულია ერთმანეთს, რაც იძლევა შიდა გახსნილი ეზოს ჩამოყალიბების საშუალებას,და მთლიანი მოცულობის ჰარმონიულ კავშირის დამყარების საშუალებას გამზირთან მიმართებით.

წარმოდგენილი შენობის სიმაღლე ოდნავ (2მ-ით) აღემატება არსებულს, მაგრამ გამზირის მიმართ არის ბევრად ‘ტოლერანტული’ და შერწყმული გარემოსთან. შენობის არქიტექტურა გააზრებულია კლასიკური მოტივაციით, მაგრამ თანამედროვე გადაწყვეტით, მოპირკეთება იგივე ტიპის ქვით, რაც გამოყენებულია არსებულ შენობაზე” – ნათქვამია  განმარტებით ბარათში.

დედაქალქის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ წარმოდგენილ ესკიზს დადებითი შეფასება მისცა სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა, თუმცა ჯერ არ დაწყებულა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება.

არქიტექტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს ესკიზი არაერთხელ დაიწუნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ. წინარე ესკიზების დაწუნების ძირითადი მიზეზი შენობის მოცულობის ზრდა იყო. შესაბამისად, განმცხადებელს მიეცა რეკომენდაცია, შეემცირებინა მოცულობა არსებული შენობის სიმაღლის გათვალისწინებით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ მოწონებულ ესკიზს საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ შენობის ესკიზი დედაქალაქის ისტორიული ნაწილისთვის შეუფერებელია და ის არ ერწყმის არსებულ სივრცეს.

ამაშუკელისთვის მიუღებელია, მსგავსი მნიშვნელობის ადგილებში პროცესის დახურულად, კონკურსისა და საჯარო განხილვის გარეშე წარმართვა:

“ჩემი აზრით, ეს არის შეუფერებელი ობიექტი იმ სივრცისთვის, სადაც ის იგეგმება. ზოგადად, მიუღებელია ასეთ მნიშვნელოვან ადგილებში ასეთი დახურული პროცესი – ყველანაირი კონკურსისა და საჯარო განხილვების გარეშე” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

თამარ ამაშუკელის თქმით, შენობის ფასადის ამგვარი ცვლილება საკამოდ აგრესიული და კონტექსტიდან ამოვარდნილია:

“ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ ესკიზის ავტორს, რომ ახლ შენობას აქვს “ტოლერანტული” ფასადი, რომელიც ეწერება გარემოში. ის საკმაოდ აგრესიულია და ამოვარდნილია კონტექსტიდან” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

მასალების გადაბეჭდვის წესი