პოლიციელი ფერადი სამყაროს წინააღმდეგ – სტენსილი რუსთაველის გამზირზე

შავ-თეთრი პოლიციელი ფერადი სამყაროს წინააღმდეგ – თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ახალი სტენსილი გამოჩნდა, რომელიც პოლიციელების მიერ პოეტ ზვიად რატიანის სავარაუდო ცემას ეძღვნება.

მისი ავტორია ქუჩის არტისტი “GagosH“, ვისაც თბილისში არერთი სტენსილი ეკუთვნის. როგორც არტისტმა ნეტგაზეთს უთხრა, სტენსილი დღეს, 30 იანვრის ღამეს დახატა.

“ქართველი პოეტი პოლიციამ სცემა იმიტომ, რომ მას ფერადი ქურთუკი ეცვა. ეს არ არის ტექსტი “Paint it black”-იდან, ეს რეალობაა!” – წერს არტისტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტებაზე.

თბილისის საქალაქო სასამარლომ რატიანი საართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში და 2 000 ლარით დააჯარიმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი