ახალი ამბები

ნუ კოცნი ბავშვებს!

28 აგვისტო, 2013 • 3601
ნუ კოცნი ბავშვებს!

მრგვალი მაგიდის საარჩევნო პლაკატი
მრგვალი მაგიდის საარჩევნო პლაკატი

საარჩევნო კამპანიაში ბავშვების ჩართვის პროცესი საქართველოში ჯერ კიდევ 1990 წლიდან იწყება, როდესაც “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი სააქართველოს” საარჩევნო პლაკატზე ქვეყნის ძველი, სამფეროვანი დროშით ხელში შეიარაღებული გოგონას სურათი გამოსახეს. “მრგვალი მაგიდის” წევრი ბესარიონ გუგუშვილი იხსენებს, რომ ეს ფოტო დამოუკიდებლობის დღეს არის გადაღებული უზენაეს საბჭოში. მოყოლებული ამ პერიოდიდან ბავშვის სახე საარჩევნო პლაკატზე არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა ოპოზიციურმა თუ სახელისუფლებო პარტიამ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა 1999 და 2003 წლებში, და ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო, ასევე თბილისის მერის არჩევნების დროს. ბავშვები ხშირად ჩანდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, მათ შორის ნაცმოძრაობის, აღორძინების თუ მოქალაქეთა კავშირის მიერ მომზადებულ სააგიტაციო კლიპებში.

 

გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებისას
გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებისას

პოლიტოლოგი გია ნოდია “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ ბავშვის, როგორც სიმბოლოს, საიმიჯო სახედ გამოყენება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც აპრობირებულია და ისეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოებშიც გამოიყენებოდა, როგორიც, მაგალითად, საბჭოთა კავშირია, სადაც ლენინი და სტალინი ბავშვების გარემოცვაში ხშირად პოზირებდნენ:

 

“ბავშვი, როგორც სიმბოლო, ასოცირდება მომავალთან, უბიწოებასთან და ალბათ ითვლება, რომ ასეთი სიმბოლიკის გამოყენება მომგებიანია. ეს პიარტექნოლოგიის ამბავია. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია არა რაციონლაურ ამომრჩეველზე, არამედ ირაციონლაურ გრძნობებზე. ეს პრინციპიში არის მასობრივი ცნობიერებით მანიპულირება და ვერ ვიტყვით, რომ დემოკრატიული პოლიტიკა თავისუფალია ამ მანიპულაციისაგან. დასავლეთის ქვეყნებში მახსენდება ასეთი ტერმინი Kissing Baby, როდესაც პოლიტიკოსს ევალება, რომ ბავშვებს აკოცოს. ეს ცოტა ირონიული დამოკიდებულებაც არის პოლიტიკოსების პიარკამპანიისადმი და  არაგათვიცნობიერებულ და არარაციონალურ ამომრჩეველზე რაღაცნაირად მუშაობს. ეს არის ამომრჩევლის ქვეცნობიერებაზე მუშაობა იმისთვის, რომ კანდიდატის ადამიანური მხარე წარმოჩინდეს”.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ აგიტაციის პროცესში ბავშვების გამოყენება მათი უფლებების დარღვევაა და ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დამკვიდრებული ტრადიცია უნდა დასრულდეს:

“დაუშვებელია ბავშვის გამოყენება და ბავშვით მანიპულირება ნებისმიერი მიზნით, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზნებით. ჩვენ შარშან ვნახეთ [ინტერნეტით] გავრცელებული ვიდეო, სადაც ბავშვი, როგორც პოლიტიკოსი, მოსაზრებებს გამოთქვამდა. არავის აქვს უფლება, თუნდაც მშობელს, რომ ბავშვი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისთვის. განქორწინების დროს ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც ბავშვი აღმოჩნდება რაღაც კავკასიურ ცარცის წრეში, ერთ მხარეს ერთი მშობელი ექაჩება, მეორე მხარეს- მეორე მშობელი და  ბავშვი ხდება მანიპულაციის მთავარი ობიექტი. პოლიტიკურ სიტუაციებშიც დაახლოებით მსგავსი სურათია ხოლმე – არიან ბავშვები, რომლებიც ერთი პოლიტიკური გუნდის პიარს აკეთებენ, ხოლო სხვა ბავშვები- მეორე პოლიტიკური ჯგუფის. ბავშვების ასეთი პოლიტიზება და ჩართვა სარეკლამო კამპანიებში, მე მგონია, რომ არ არის გამართლებული”, – ამბობს ფსიქოლოგი და დასძენს, რომ, მისი აზრით, ეს საკითხი არა მარტო მორალური, არამედ არც სამართლებრივი კუთხით არის გამართლებული:

 

“რატომ არ ეძლევათ ადამიანებს საშუალება, რომ 18 წლამდე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში? არის რაღაც შეგნებული, გათვიცნობიერებული არჩევანი, რომლის გაკეთების ზღვარი 18 წლამდეა დადგენილი. რატომღაც ჩვენ ამ ზღვარს ვწევთ ქვემოთ და ბავშვებს ჩვენს პოლიტიკურ ვნებებს, გემოვნებას თავს ვახვევთ. ამიტომ სამართლებრივი კუთხითაც ეს არის სერიოზული დარღვევა. მერე ეს ყველაფერი გადადის ხოლმე ბავშვებს შორის ურთიერთობაში და ბავშვთა საზოგადოებაც არის პატარა მოდელი ჩვენი საზოგადოების. როგორი პოლარიზებულიც არის საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა ჯგუფებიც ასევე პოლარიზდებიან და მიდის გარჩევა პოლიტიკური საკითხების, ვიღაცა ერთი პარტიის მომხრეა, მეორე – სხვა გაერთიაენების, ანუ ძალაუნებურად ჩვენ ბავშვებს ვითრევთ პოლიტიკურ თამაშებში, რაც მგონია, რომ არ არის სწორი. კარგი იქნება, თუ ბავშვებს თავს დავანებებთ ნებისმიერი ასეთი საარჩევნო იქნება თუ სხვა სახის სარეკლამო კამპანიის დროს. მე მახსოვს, რომ ადრე პოლიციის კლიპებშიც კი გამოიყენეს ბავშვები, რაც იყო სერიოზული დარღვევა მათი უფლებების. მივცეთ ბავშვებს საშუალება, რომ თვითონ გაერკვნენ სიტუაციაში და როდესაც 18 წლის გახდებიან, მაშინ გამოხატონ საკუთარი არჩევანი”.

 

დღეისათვის საპრეზიდენტო კამპანია რეგიონების მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა დაიწყო. ჯერჯერობით სააგიტაციო მასალები ქუჩებში არ გამოჩენილა, თუმცა ინტერნეტში, კერძოდ, სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტო და ვიდეომასალებში საარჩევნო ატრიბუტიკით აღჭურვილი ბავშვების თემატიკის წამოწევით “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გამოირჩევა. მას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  ასეთი არაერთი ფოტო და ვიდეო აქვს განთავსებული-  მარგველაშვილი კოცნის და ეფერება ბავშვებს.

 

მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარსამსახურის უფროსი შალვა რამიშვილი ამბობს, რომ იგი ღიაა ამ თემაზე სასაუბროდ ნებისმიერ დაინტერესებულ უფლებადამცველთა ჯგუფთან, თუმცა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ბავშვთა უფლებებს არ არღვევს, რადგან მსგავსი ფოტოების გადაღებას არავის აიძულებს:

 

“ჩვენ წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოდის ძალიან ბევრი ხალხი. მათ მოჰყავთ ბავშვები, ბუნებრივია, ჩვენ არანაირი ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ ბავშვები მოიყვანონ ასეთ შეხვედრებზე, არ მიგვიცია, არც ის ინსტრუქციაა მიცემული, რომ ბავშვები არ მოიყვანონ და ზოგადად არანაირი ინსტრუქცია გაცემული არ არის. ჩვენ ვაანონსებთ, შტაბები ეუბნებიან მხარდამჭერებს, რომ გიორგი [მარგველაშვილი] ჩადის რომელიღაც სოფელსა თუ ქალაქში და ხალხი ნებაყოფლობით მოდის. ჩემი აზრით, არასწორი, არასამართლიანი და უაზრობა იქნებოდა, ჩვენ სპეციალურად გვეთქვა ადამიანებისთვის, რომ ბავშვები არ წამოიყვანოთ. ეს ბავშვები მოიყვანეს მშობლებმა და ისინიც შესაბამისად არიან აღნუსხული ფოტოკადრებზე”, – აცხადებს რამიშვილი.

 

“ბათუმელების” კითხვას, რატომ არიან ბავშვები 41-ნომრიან მაისურებსა და ქუდებში გამოწყობილი და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი ამ ფაქტს მანიპულაციისთვის იყენებს, იგი ასე პასუხობს:

 

“ჩვენი საარჩევნო ატრიბუტიკა  რიგდება ამ ბავშვების მშობლებისთვის და უკვე მათი ნებაა როგორ შემოსავენ თავიანთ შვილებს. ეს მათი ნებაა, ჩვენ არანაირი ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ ბავშვს მაისური არ ჩააცვან, არ ვაძლევთ და არც უნდა მივცეთ. ჩვენ არ გავცემთ ინსტრუქციას იმის თაობაზე, რომ ბავშვები უნდა მოიყვანონ და შემოსონ ჩვენი ატრიბუტიკით. ჩვენ ამ ბავშვებს არ ვიყენებთ. ეს არის მათი მშობლების სურვილი, რომ მოიყვანონ შეხვედრაზე და შემოსონ საარჩევნო ატრიბუტიკით. ჩვენ სპეციალურად ბავშვებს არ ვატრენინგებთ და არ ვაცმევთ მათ საარჩევნო ატრიბუტიკით აღჭურვილ ტანსაცმელს. ეს არის მათი მშობლების თავისუფალი სურვილი”.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობის გამო მათი უფლებები ირღვევა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს, რომ როგორც მშობელს, ისე ზოგადად ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს:

 

“ხშირ შემთხვევაში მშობელი სხვადასხვა მოსაზრების გამო (ახლა მე აქცენტი უფრო ბავშვების სოციალურ რეკლამებში მონაწილეობაზე მაქვს) თანახმაა, რომ მისმა შვილმა კამპანიებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთი ტიპის რეკლამას უკვეთავენ, ჯობია, რომ ბავშვების ინტერესები დაიცვან იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მშობელიც კი არ არის ხოლმე ბავშვის ინტერესების გამტარებელი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჯგუფს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ ხშირად ისინი სარგებლობენ ხოლმე იმით, რომ მშობელს აქვს სხვადასხვა მოტივი, ვიღაცას შეიძლება სურს, რომ მისი შვილი ეკრანზე გამოჩნდეს, ვიღაცას შეიძლება მატერიალური ინტერესი აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ, თუკი მშობელი ვერ ერკვევა კარგად (და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი, რომ ისინი ბავშვთა უფლებებში კარგად ვერ ერკვევიან და ხშირ შემთხვევაში მშობელთა შორის განათლება დაბალია ბავშვის უფლებების და ფსიქოლოგიის კუთხით), ხშირად სარგებლობენ ხოლმე სხვადასხვა ჯგუფები: მიიღებენ თანხმობას მშობლისგან, სამართლებირვად ყველაფერი თითქოს წესრიგშია, მაგრამ ნამდვილად არ არის მორლაურად გამართლებული, როცა ბავშვებით მანიპულირებენ”, – ამბობს იგი.

 

ფსიქოლოგის აზრით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უნდა ჩამოყალიბდეს ერთგვარი ეთიკის ნორმა, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს აგიტაციის პროცესში ბავშვის სახის გამოყენებას აუკრძალავს.

“ხომ არსებობს გარკვეული საარჩევნო ნორმები, რომლის მიხედვითაც არ უნდა მოისყიდო ამომრჩეველი და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ესეც ერთ-ერთი ნორმა უნდა იყოს, რომ არ გამოიყენონ ბავშვი. ეს არის დაბალი კულტურის მაჩვენებელი და იმის მაჩვენებელი, რომ ბევრი რამ არ ვიცით ადამიანის უფლებების შესახებ. მე აქტიურად ვადევნებდი თვალს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიას და ბავშვი თვალში არსად მომხვედრია. შეიძლება ბავშვების გარემოცვაში იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ბავშვის სახე არ უნდა იყოს იდენტიფიცირებადი. ზოგადად ბავშვის თემა შეიძლება ჩანდეს [საარჩევნო კამპანიაში], მაგრამ ისე, რომ ბავშვის სახე იყოს არაიდენტიფიცირებადი”.

 

მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო პლაკატი 1999 წელს
მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო პლაკატი 1999 წელს

ნაცმოძრაობის საარჩევნო პლაკატი 2010 წლის არჩევნებზე
ნაცმოძრაობის საარჩევნო პლაკატი 2010 წლის არჩევნებზე

გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია/მარგველაშვილის პრესსამსახურის ფოტო
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია/მარგველაშვილის პრესსამსახურის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი