ახალი ამბები

ვარკეთილის მეტრო – სამშენებლო წესის დარღვევა ჯარიმით, ან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება

30 იანვარი, 2018 • 3944
ვარკეთილის მეტრო – სამშენებლო წესის დარღვევა ჯარიმით, ან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე შსს–მ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

შსს–ს ცნობით, გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც ამ დროისთვის [12:45] 11 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი