ახალი ამბები

“წავიქეცი და ჯერ მგზავრი დამეცა, მერე ორივეს ერთად ჭერი” – რას ჰყვება დაშავებული

30 იანვარი, 2018 • 3924
“წავიქეცი და ჯერ მგზავრი დამეცა, მერე ორივეს ერთად ჭერი” – რას ჰყვება დაშავებული

მეტროსადგურ ვარკეთილის ნგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი გიორგი საკარული, რომელიც ნეტგაზეთთან საუბრისას იხსნებს, თუ რა ვითარება იყო ადგილზე უშუალოდ ნგრევის დაწყების დროს. მისი თქმით, შეიქმნა სრული პანიკა და მგზავრები ერთმანეთს ებლანდებოდნენ ფეხებში.

“ზურგზე დაგვეცა მთლიანი ჭერი, თავის რკინის კონსტრუქციებით, და გადმოგვიყვანეს ზღვის ჰოსპოტალში. ახლა გვსინჯავენ და მკურნალობას გავდივართ. ძირითადად ყველა აქ ვართ იმიტომ, რომ ვარკეთილში მოხდა ეს ამბავი.

პანიკას მოჰყვა ის, რომ ხალხი ერთმანეთს გამოვებლანდეთ ფეხებში. მე წავიქეცი და ჯერ მგზავრი დამეცა, მერე ორივეს ერთად მთლიანი ჭერი დაგვეცა. მთლიანი ჭერი ჩამოინგრა. ვცდილობდი, რომ სუნთქვა არ შემკროდა, მუხლებზე დავმდგარიყავი და ბეჭებით ამეწია ნანგრევები, მაგრამ ვერ ვდგებოდი. ყვირილი დავიწყეთ და ისევ მოქალაქეები დაგვეხმარნენ ჭერის აწევაში. დაგვეხმარნენ იქიდან გამოსვლაში და შეგვიყვანეს ვაგონებში.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა და ექიმებმა მართლა ბრწყინვალედ იმუშავეს. მძიმედ დაშავებულებიც არიან,  მაგრამ დროულად მიხედეს ყველას. ნაწილი დაშავებულების აქ ვიმყოფებით და გავდივართ მკურნალობას.

ეს ჭერი არის ახალი გაკეთებული. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ რომ მოესწროთ გახსნა, ფაციფუცით გააკეთეს. სხვანაირად, როგორ შეიძლება, მთლიანი მეტროს ჭერი დაგეცეს თავში. მთელი მეტროსადგური მგზავრებით იყო სავსე,” – ამბობს გიორგი საკარული.

[red_box]ნგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში – უახლესი ამბები[/red_box]

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. 2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გიორგი საკარული, ჟურნალისტი. ფოტო: ნათია ხახუბია

მასალების გადაბეჭდვის წესი