ახალი ამბები

უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე – კალაძე ვარკეთილის მეტროსთან

30 იანვარი, 2018 • 2249
უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე – კალაძე ვარკეთილის მეტროსთან

“უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს”, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა მეტრო ვარკეთილთან, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა და 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

“საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, 11 დაშავებული გვყავს. თერთმეტივე გადაყვანილია ჰოსპიტალებში. ველოდებით კრიმინალისტებს [რათა გაირკვეს], თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. ამ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოები აგვისტოში იყო დასრლებული და სექტემბერში მიიღეს ექსპლუატაციაში. მე მგონი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო ახმეტელზე. დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რომ უბედურება თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე შსს–მ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

შსს–ს ცნობით, გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი