ახალი ამბები

სადავო მშენებლობა – ვინ რისთვის იბრძვის ატენის ქუჩაზე?

29 იანვარი, 2018 • 3456
სადავო მშენებლობა – ვინ რისთვის იბრძვის ატენის ქუჩაზე?

თბილისში, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დღეს, 29 იანვარს სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბნენ. მშენებარე კორპუსთან ახლოს მცხოვრებთა ნაწილი ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს იმ საფრთხის შესახებ ესაუბრა, რასაც მათი თქმით, არსებული პროექტი ქუჩასა და ავარიულ სახლებს უქმნის. მშენებლობაზე პასუხისმგებელი ამხანაგობის წარმომადგენლები კი მეორე მხარეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია სახალხო დამცველის ოფისთან. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ატენის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი, რომლებიც დღეს სახალხო დამცველის ოფისთან ტრანსპარანტებით მივიდნენ, მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, მშენებლობა ისედაც ვიწრო ქუჩას დამატებით პრობლემებს შეუქმნის და რისკის ქვეშ დადგებიან ადამიანები, რომლებიც იქვე მდებარე ავარიულ სახლებში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, დროთა განმავლობაში მშენებლობის პროექტი შეიცვალა და თუ თავდაპირველად 11-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, შემდგომ სართულების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

“ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, სახალხო დამცველის ოფისთან მოსვლისა და განაცხადის შეტანის ჩათვლით, რომ ეს პროცესი არ გავიდეს სამართლებრივი სფეროს გარეთ. ვცდილობთ, სამართლებრივი ფორმით მივაღწიოთ იმას, რომ გადაიხედოს უკანონოდ, დარღვევებით შედგენილი პროექტი და არ აშენდეს 27-სართულიანი მონსტრი 2 მეტრი სიგანის ქუჩაზე”, – აღნიშნა მსახიობმა ეკატერინე ანდრონიკაშვილმა, რომელიც მშენებარე კორპუსთან ახლოს ცხოვრობს.

მეზობლების მოთხოვნებს არ იზიარებენ კორპუსის მშენებლობაზე პასუხისმგებელი “ამხანაგობა19”-ის წევრები. როგორც ისინი ამბობენ, კორპუსი 30-მდე ოჯახის დასაკმაყოფილებლად შენდება, რომელთა სახლებიც 2007 წელს დაანგრიეს. თუმცა, მათივე თქმით, მშენებლობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ მშენებელმა კომპანიამ პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვა და მხოლოდ 4 წლის შემდეგ ზემოაღნიშნულმა ამხანაგობამ საკუთარი სახსრებით განაახლა.

"ამხანაგობა19"-ის წევრი ეკამათება კორპუსის მშენებლობის მოწინააღმდეგეს. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

“ამხანაგობა19”-ის წევრი ეკამათება კორპუსის მშენებლობის მოწინააღმდეგეს. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ამხანაგობის წარმომადგენელთა მტკიცებით, კორპუსი არა 27, არამედ 22-სართულიანია, 5 სართული კი მიწის ქვეშ მდებარეობს და ავტომობილების პარკინგისთვისაა გამოყოფილი. რაც შეეხება მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტს თავდაპირველი პროექტის შეცვლის შესახებ: ამხანაგობაში ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ, სართულების რაოდენობის გაზრდა მოეთხოვათ, რათა მშენებლობისთვის აღებული კრედიტი სრულად დაეფარათ:

“[მშენებლობის დასაწყისში] დავიწყეთ ამხანაგობის ფარგლებში თანხების მოძიება, კერძოდ, ავიღეთ საბანკო კრედიტი, რომელიც თავისთავად პროცენტიანია. იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები, დათვლის შედეგად მოვითხოვეთ ის კოეფიციენტი, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ აგვეშენებინა კორპუსი და ვალდებულებები ბანკის წინაშე ყოფილიყო გასწორებული. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როცა მოვითხოვეთ კოეფეციენტის გაზრდა”, – განუცხადა მედიას ამხანაგობის წევრმა გიორგი ასათიანმა.

ამჟამად მიწის ზემოთ კორპუსის 18 სართულია აშენებული.

საკითხის კომენტირებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში კორპუსის მშენებლობის ნებართვას არ გასცემდა, თუმცა არსებული მოცემულობით სხვა გზა არ არსებობდა.

“სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს და ჩვენი, მერიის გადასაწყვეტი იყოს, როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირთვით და ამხელა სართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა,“ – აღნიშნა კალაძემ.

სადავო მშენებლობის საკითხი 2011 წლის შემდეგ (მას შემდეგ, რაც პროექტში სართულების რაოდენობა გაიზარდა) როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა განიხილეს. მხარეებს შორის თანხმობა არც საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილების შინაარსზე არსებობს: ამხანაგობის ადვოკატის, ლაშა უფლისაშვილის თქმით, სასამართლოს ნებართვა ბათილად არ უცნია და მხოლოდ მერიას დაუბრუნა განსახილველად. მშენებლობის მოწინააღმდეგეთა იურისტი დიმიტრი გაბუნია კი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ცალსახადაა საუბარი მშენებლობის დაუშვებლობაზე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ატენის ქუჩის მოსახლეობას პირადად არ შეხვედრია, თუმცა მედიას განუცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი საკითხს შეისწავლის:

“2017 წელს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია მუნიციპალიტეტზე, რომ ის გადაწყვეტილება, რომლითაც მშენებლობის ნებართვა იქნა გაცემული, იყო დაუსაბუთებელი და რეკომენდაცია მიმართული იყო იქით, რომ დასაბუთებულიყო, რის საფუძველზე გაიზარდა კოეფეციენტი და გაიცა ნებართვა მშენებლობაზე. დღეს შემოტანილ იქნა განცხადება სახალხო დამცველის სახელზე და ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, რა ნაბიჯები გადადგა მუნიციპალიტეტმა”.

კორპუსის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რამდენიმე დღეში პროკურატურაში მერიის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. მათი ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს გაასაჯაროებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მშენებლობის დაუშვებლობის შესახებ.

სადავო მშენებლობა ატენის ქუჩაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი