ახალი ამბებიხელოვნება

ახალ კლიპზე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარდა – ერეკლე დეისაძე

29 იანვარი, 2018 • 7358
ახალ კლიპზე საავტორო უფლებებთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარდა – ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძის ახალი კლიპი “ხალხური”, რომელშიც გამოყენებულია კომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკა და მომღერალ ნატო მეტონიძის სიმღერის ტექსტის ნაწილი, იუთუბზე განთავსებიდან მეორე დღეს პოპულარულ ქართულ ვიდეოებს შორის პირველ ადგილზეა.

ახალი კლიპის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ერეკლე დეისაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ პროდუქტის წაშლას სთხოვდნენ, სხვა შემთხვევაში კი საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან საკითხის გადაწყვეტას. დღეს კი მუსიკოსი აცხადებს, რომ უკვე მოგვარებულია ეს საკითხი და კლიპი არ წაიშლება.

“მას შემდეგ, რაც ტელეფონით ვისაუბრეთ მე და სანდრო ყანჩელმა, ეს პრობლემა მოგვარდა და აღარ დარჩა მსგავსი აბსურდული ორგანიზაციების ჩართვა საჭირო. ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ მე ვიცი, მაგრამ ძალიან მეცინება. ნატოსთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ როგორც გაირკვა, მან იცოდა წინასწარ, რომ ამ სიმღერას ვაკეთებდი, თუმცა ნებართვა არ ამიღია,” – განუცხადა ნეტგაზეთს ერეკლე დეისაძემ.

ნეტგაზეთი საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს, გიგა კობალაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ გუშინ ღამით ყანჩელმა ასოციაციას სიტყვიერად მიმართა და დახმარება სთხოვა. მისი თქმით, საავტორო უფლებათა ასოციაციას დღეს უნდა დაეწყო პროცედურები, თუმცა ყანჩელი მათ კვლავ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ აღარ სურდა დახმარება:

“ესაუბრა თვითონ ერეკლე დეისაძეს და რაზე მოილაპარაკეს, ეს უკვე არ ვიცი. მე თვითონ მოვაგვარებო. ნატო მეტონიძემაც იგივე გააკეთა – დღეს დამირეკა და მითხრა, რომ აღარ გვინდა თქვენი დახმარებაო. აღარავის პრეტენზია არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ჩავრთულვართ საქმეში და თვითონ რაზე მოილაპარაკეს, არ ვიცით.”

ერეკლე დეისაძეს კლიპის შესახებაც ვკითხეთ, თუმცა კონკრეტიკისგან მუსიკოსმა თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს არის ყველაფრის ქრონოლოგია: “მთელი იმ ქაოსის და აბსურდის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ამიტომ ამ ისტერიის გადმოცემა ვცადე ახალი კლიპით მთელი თავისი ქორეოგრაფიით, ტექსტით და მოტივებით.”

მუსიკოსის თქმით, ახალ კლიპში გამოყენებული მოძრაობების შთაგონების წყარო ილიკო სუხიშვილია. როგორც დეისაძე ამბობს, სწორედ ილიკოს ახალმა ცეკვებმა შთააგონა ეს მოძრაობები და თვლის, რომ გარკვეულწილად ნაციონალური ბალეტის გაგრძელებაც არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი