ახალი ამბებიეკონომიკა

სილქნეტი ჯეოსელის შესაძენად 120 მლნ დოლარის სესხს აიღებს

29 იანვარი, 2018 • 3281
სილქნეტი ჯეოსელის შესაძენად 120 მლნ დოლარის სესხს აიღებს

სილქნეტი, რომელიც ჯეოსელის შესყიდვას 153 მილიონ დოლარად გეგმავს, 120 მილიონი დოლარის სესხს აიღებს.

სატელეკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ გარიგებაში თიბისი ბანკის წილი 75 მლნ დოლარია.  “თიბისი” ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ბანკების წილი მთლიან გარიგებაში 120 მლნ დოლარია.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეგიონული ბანკი, რომელმაც “სილქნეტს” სხვა ბანკებთან ერთად თანხა გამოუყო, აზერბაიჯანული “პაშა ბანკია”.

“უცხოური ინვესტორისგან “სილქნეტის” მიერ კომპანიის გამოსყიდვაზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბოლო ორი წელია ეს კომპანია აცხადებს, რომ გადის არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთლიანად რეგიონიდან. ბოლო ორი წელიწადია კაპიტალური დანახარჯების კუთხით “ჯეოსელში” დიდი ინვესტიციები არ განხორციელებულა,” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

“ჯეოსელის” აქციონერები- “თელია” და Turkcell კომპანიის გაყიდვას ევრაზიის რეგიონის დატოვებით ხსნიან.

“სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარი,ს გიორგი რამიშვილის თქმით, კომპანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში “ჯეოსელში” განახორციელებს 100 მლნ დოლარის ინვესტიციას. ეს თანხა ტექნიკის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება.

ოლიგოპოლიის საფრთხეზე საუბრისას  “სილქნეტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ბაზარზე ორი ძლიერი კომპანიის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს:

“რადგანაც მოხდა ასეთი პრეცედენტი, რომ “მაგთიმ” შეიძინა “კავსაკუსი”  და “დელტა”, ამით ერთი საერთო ოპერატორი წარმოიშვა ბაზარზე. ამის საპირწონედ “სილქნეტის” და “ჯეოსელის” შერწყმა გამოიწვევს ძალიან კარგ ბალანსს. ის, რომ ბაზარზე იქნება თამაშის სწორი წესები, ამაში გარწმუნებთ. მარეგულირებელი იქნება ყურადღებით, რომ ბაზარზე იყოს სწორი წესები”.

რაც შეეხება “ჯეოსელისთვის” სახელის შეცვლის საკითხს, გიორგი რამიშვილი განმარტავს, რომ “ჯეოსელიც” და “სილქნეტიც” ძლიერი ბრენდია და ამ საკითხის შესწავლა მოხდება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა “ჯეოსელის” თანამშრომელთა შემცირება, რამიშვილი პასუხობს, რომ ყველა კარგი თანამშრომელი  კომპანიაში დარჩება.

“მე ვიცი, რომ “ჯეოსელში ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია და მათი დიდი იმედი მაქვს,”-ამბობს გიორგი რამიშვილი.

სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე მსხვილი გარიგების შესახებ ინფორმაცია აქვთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, თუმცა მარეგულირებლისთვის “სილქნეტს” და “ჯეოსელს” ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის მარეგულირებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, ოფიციალური მიმართვის შემდეგ კომისია დაიწყებს მოკვლევას და დაადგენს, მოახდენს თუ არა გავლენას კონკურენციაზე “ჯეოსელის” გაყიდვა.

“მობილურ და ფიქსირებული ქსელების შერწყმა მსოფლიო ტენდენციაა. აქ მონოპოლია არ იქნება, რადგან “მაგთიკომი” უკვე ფლობს ასეთ ქსელებს. შესაძლოა გაჩნდეს ოლიგოპოლიური სიტუაცია, თუმცა ეს მომხმარებლისთვის არ არის სახიფათო. ოლიგოპოლია ბაზრისთვის ცუდი არ არის,”-აცხადებს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი.

“ჯეოსელის” შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “სილქნეტმა” 26 იანვარს გაავრცელა. “სილქნეტის” ინფორმაციით, გარიგების შედეგად სრული სპექტრის სატელეკომინიკაციო კომპანია იქმნება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. „სილქნეტმა“ ფუნქციონირება 2010 წლიდან  რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას.“სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ლექსო თოფურიას განცხადებით, კომპანიამ 2016 წელს Fitch B+ რეიტინგი მიიღო. მომდევნო წელს კი “თი ბი სი” ბანკის დახმარებით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი