ახალი ამბები

საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება

30 იანვარი, 2018 • 2283
საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება

„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით  შემუშავდა საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ნაწილებადაა დაყოფილი და საცხოვრისის პრობლემურ საკითხებს მიმოიხილავს.

საცხოვრისის რეკომენდაციების განხილვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან

საცხოვრისის რეკომენდაციების განხილვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან

საქართველოში 2005 წელს გაუქმდა ურბანული განვითარებისა და საცხოვრისის პრობლემებზე მომუშავე, გაეროს სისტემის ორგანიზაცია „ჰაბიტატ-ჯორჯია“. მას შემდეგ საქართველო გაეთიშა და ჩამორჩა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების თანამედროვე, ჰუმანურ ურბანისტულ ტენდენციებს, საცხოვრისთან დაკავშირებულ მსოფლიო პროცესებს.

ახალი პროექტის მიზანია საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოებირივი ორგანიზაციების ჩართვა და მათი როლის მაქსიმალურად გააქტიურება.

[red_box]იხილეთ რეკომენდაციის დოკუმენტი სრულად[/red_box]

წლებია უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ საქართველოს საბინაო და სოციალური საცხოვრისის სისტემური, მწვავე პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე, მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ პრობლემა დღემდე გადაუჭრელი და სახელმწიფოს მხრიდან უგულვებელყოფილია: მხოლოდ დედაქალაქში, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, 2010-2016 წლებში, შესულია სოციალური საცხოვრისის მაძიებელთა 17.500-მდე განცხადება, ქუთაისში, ამავე პერიოდში საცხოვრისის მაძიებელი იყო 1694 პირი, ბათუმში – 2.320.

შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ იძულებით გადაადგილებული 300.000 ადამიანი, მთის დაცლისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად წარმოშობილი ეკომიგრანტთა ტალღები, ფულად-საკრედიტო ურთიერთობების კულტურის არარსებობა და კანონისმიერი გასახლებები, „საფინანსო-სამშენებლო პირამიდებზე“ მინდობილი უბინაობა – ზემოთჩამოთვლილმა მიზეზებმა, საბინაო თვალსაზრისით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის უსახლკაროები წარმოშვა.

პოლიტიკური ნება, სტრუქტურის გამართვა და საკანონმდელო ბაზა

ამა თუ იმ სფეროს სისტემურ და შედეგისმომტან განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს კონცეპტუალური ხასიათის პოლიტიკური დოკუმენტები, რასაც ლოგიკურია უნდა მოჰყვეს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული კონკრეტული გეგმის ამოქმედება.

მიუხედავად კონცეპტუალური დოკუმენტების სიმრავლისა, მაგალითად, „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“, „სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში“, ასევე ბევრ სხვა დოკომენტში, საცხოვრისის თემას ვერსად იპოვით ან თუ იპოვით მხოლოდ ზედაპირული სახით: საცხოვრისის თემა ჩართულია პოლიტიკურ დოკუმენტში – „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისათვის“. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებდა არც ერთ კონკრეტულ ღონისძიებასა და მათ შესრულებაზე პასუხიმგებელ უწყებებს, რომლებიც სტრატეგიაში გაწერილი ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფდა.

საველე ვიზიტი , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ქუთაისი 2016 წელი

საველე ვიზიტი , ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ქუთაისი 2016 წელი

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ნება სისტემური და მიზანდასახული სახელმწიფო საბინაო პროგრამების ამოქმედებისა.

ცალკეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით საკონსტიტუციო ცვლილებები საცხოვრისის თემასაც შეეხო და განახლებული კონსტიტუციის 5-ე მუხლში „სოციალური სახელმწიფო“ ჩაიწერა, რომ „სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე“. ეს ნორმა პოსტსოციალისტური ქვეყნების: უკრაინის, უნგრეთისა და პოლონეთის კონსტიტუციებში ჩაწერილი ნორმების ანალოგია.

ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე საცხოვრისის კომპლექსური პრობლემა არ არის ერთიანად გააზრებული. შეუძლებელია ლაპარაკი ამ სფეროს სისტემური მართვაზეც. ადგილობრივი თვითმმართველობა ფარავს მხოლოდ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.

განსხვავებული მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში: 2016 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ისრაელში, მაგალითად, ცალკეა გამოყოფილი მშენებლობის და ჩასახლების სამინისტრო, საფრანგეთში – ეკოლოგიის, ტრანსპორტისა და საცხოვრისის მშენებლობის სამინისტრო, ბელარუსში კი  საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრო.

აშშ-ში დეპარტამენტებს (იგივე სამინისტროებს) შორის არის  საცხოვრისისა და ქალაქგანვითარების დეპარტამენტიც (Department of Housing and Urban Development).

სამეცნიერომეთოდოლოგიური ბაზა, საინფორმაციო მონიტორინგი, ურბანული მენეჯმენტი

მნიშვნელოვანი საკითხია სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და  საცხოვრისის სრულფასოვანი კლასიფიკაციის შემუშავება. ეს ამ სფეროს რეფორმის ერთ-ერთ მეთოდოლოგიური ასპექტია და მოქალაქეთა სამომხმარებლო კალათის გაანგარიშების საშუალებას იძლევა. რეკომენდებულია უნივერსალური კლასიფიკატორის შემუშავება და სახელმწიფო სტანდარტის ფორმატში გამოცემა.

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების გავრცელებული შესაფასებელი  მეთოდია – ურბანული ინდიკატორების სისტემის შემუშავება. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ჩამორჩება, შედარებით ავსებს ხარვეზს თბილისის მაგალითი: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროექტის ფარგლებში, ურბანული ინდიკატორების სისტემაში 18-ბლოკიანი სისტემის ერთ-ერთ ბლოკს სწორედ „საცხოვრისის ინდიკატორები“ წარმოადგენს. ინდიკატორების ბლოკს აქვს ბევრი სტრუქტურა და მათ შორის: ხელმისაწვდომი საცხოვრისი, საცხოვრისის ტექნიკური მდგომარეობა, უვარგის საცხოვრისში ბინადრობა, უსახლკაროთა თავშესაფარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, ენერგოდამზოგავი საცხოვრისი და ა.შ.

თბილისის ზღვის დასახლება, საველე ვიზიტი

თბილისის ზღვის დასახლება, საველე ვიზიტი

პროექტის მიხედვით, რეკომენდებულია საცხოვრისის ინდიკატორების სისტემისა და მეთოდოლოგიის შემუშავება მთელი ქვეყნის მასშტაბით; საცხოვრისის ინდიკატორების გამოყენება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თუ სხვა სტატისტიკურ კვლევებში, საცხოვრისის ინდიკატორების მონაცემების ყოველწლიური გამოქვეყნება.

საქართველოში მრავალბინიანი სახლების მართვის კანონით დადგენილი და გავრცელებული ინსტიტუტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფართო მოძრაობის ხასიათი მიიღო ამგვარი ამხანაგობების ჩამოყალიბებამ.

ურბანული მენეჯმენტის ერთ-ერთ ამოცანას, საცხოვრისთან დაკავშირებით, წარმოადგენს მრავალბინიანი სახლების მმართველების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მომზადება.

2015 წლიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება სამწლიანი პროექტი – „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“. პროექტის ფარგლებში სამივე ქალაქში გაიხსნა სამართლებრივ-ტექნიკური დახმარების რესურსცენტრები, სადაც საერთო ქონების მართვის საკითხებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს უწევენ კონსულტაციას.

საფინანსოეკონომიკური უზრუნველყოფა, დაგეგმვადაპროექტება, სოციალურფსიქოლოგიური ასპექტები

საცხოვრისის რეფორმის წარმატების საწინდარია კარგად განსაზღვრული საფინანსო-ეკონომიკური მოდელები. პროცესში საჭიროა დარგის სპეციალისტების ჩართვა, რომლებსაც პროექტი დავალების სახით შემდეგ რეკომენდაციებზე მიუთითებს: საჭიროა ხელმისაწვდომი საცხოვრისის სხვადასხვა ფორმის საფინანსო-ეკონომიკური მოდელების შემუშავება; სოციალური საცხოვრისის კომპონენტის გადახედვა რეალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მიხედვით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პრაქტიკის გაგრძელება და ქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხის გათვალისწინება, ასევე მრავალბინიან სახლებზე განთავსებული რეკლამიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ შემოსავლის გენერირება.

მოქმედი კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ დასახლებისთვის უმნიშვნელოვანეს საცხოვრებელ ზონას სართულიანობის მიხედვით განიხილავს კ-1, კ-2, კ-3 კოეფიციენტის მიხედვით, ნაკვეთის გაბარიტები და მიმართება სამეზობლო ნაკვთთან და ა.შ. საცხოვრისის სოციალურ-ფუნქციური ხასიათი და მისი პროფილი კი კანონმდებლისა და დამგეგმარებლის ინტერესებს მიღმა რჩება. შედაგად დაპროექტების პროცესში ჩნდება გარკვეული სახის სირთულეები და, როგორც პროექტის რეკომენდატორები მიუთითებენ, ამ მხრივ კანონი გადასახედია.

პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლების საველე ვიზიტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გასაცნობად, ბათუმი, 2017 წელი

პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლების საველე ვიზიტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გასაცნობად, ბათუმი, 2017 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ასევე, ქალაქგეგმარებით დოკუმენტაციაში, ზონირების ნაწილში აუცილებელი საცხოვრისის ტიპოლოგიური ჯგუფების გათვალისწინება;  სხვადასხვა ტიპოლოგიის საცხოვრისის დაპროექტების ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და ნორმების ერთ დოკუმენტად კოდიფიცირება; სოციალური საცხოვრისისა და თავშესაფრის ტიპური პროექტების თემაზე ღია არქიტექტურული კონკურსების ჩატარება.

რეკომენდაციის დოკუმენტის ძირითადი ობიექტის: ქალაქური საცხოვრისის, ურბანული ინფრასტრუქტურული კომპონენტის წარმატებულ ფუნქციონირებას მისი მესაკუთრე სუბიექტი ან მოიჯარე განსაზღვრავს.

ამ მხრივ საქართველოში ვითარება არასახარბიელოა. საბჭოთა ადამიანის მემკვიდრის ტიპისთვის დამახასიათებელია ინდიფერენტულობა საცხოვრებელი გარემოს მიმართ, სივრცითი ქცევის ეგოცენტრული მოდელები, თვითორგანიზების უუნარობა, უპასუხისმგებლობა და დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილი. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ზემოთჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ასპექტები თავს იჩენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებშიც, სადაც ხშირად იკვეთება კერძო და საერთო-სამეზობლო ინტერესები.

რეკომენდაციები და საცხოვრისთან დაკავშირებული მრავალმხრივი პრობლემების აღწერა, რაც პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ამუშავებდენ დარგის სპეციალისტები, მიეწოდება საქართველოს პარლამენტსა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. სამწლიანი პროექტის დასრულების შემდეგაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უზრუნველყოფს საცხოვრისთან დაკავშირებული თემების ლობირებას, როგორც საკანონმდებლო, ასევე სასამართლო სისტემაში.

„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი