ახალი ამბები

შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფი ერთი ოჯახის 8 წევრთან დაკავშირებით

29 იანვარი, 2018 • 1500
შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფი ერთი ოჯახის 8 წევრთან დაკავშირებით

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ დევნოზაშვილების ოჯახის რვა შვილთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები შინაპატიმრობაში.

მინისტრის მოადგილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია, არასრულწლოვნები არიან ამ პროცესებში ჩართულები და, შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ სოციალური სამსახურების როლიც ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გამოძიება მიმდინარეობს, ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და ახალი დეპარტამენტის კონტექსტში გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა მხარე, რომელსაც ამ საქმისადმი აქვს ინტერესი, მზად ვართ, რომ ამ ახალი დეპარტამენტის კონტექსტში შევხვდეთ ამ ადამიანებს, გავესაუბროთ და ერთობლივად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება.

ეს პროცესი გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოსაგვარებელი საკითხი.

ეს ადამიანები შინაპატიმრობაში იმყოფებიან თუ არა, ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ გავარკვიოთ, არიან თუ არა შინაპატიმრობაში. ჩვენთვის როგორც კი გახდა ცნობილი, რეაგირება დაუყოვნებლივ მოვახდინეთ და დავიწყეთ გამოძიება“.

რვა არასრულწლოვანს თითქმის ათი წელია მშობლების მიერ შეზღუდული აქვს გადაადგილების, სკოლაში სიარულის და სხვა უფლებები. ამის თაობაზე განცხადება დღეს 29 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომაც გააკეთა.

მთავარი ფოტო: კადრი რუსთავი 2-ის მიერ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი